ბიზნესი
05/10/2022

Spilow-ს პროდუქცია საჩუქრების მაღაზია "პატარა ბაზარში" გაიყიდება

საბავშვო სამოსის ბრენდ Spilow-ს თანადამფუძნებელი სოფიო ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია ბრენდული მაღაზიის დაფუძნებას არ გეგმავს, თუმცა, რომელიმე საბავშვო მაღაზიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„ახლა კონსულტაციები გვაქვს საჩუქრების მაღაზია "პატარა ბაზართან". ვფიქრობთ, რამდენიმე კვირაში  ჩვენი პროდუქცია აღნიშნულ ობიექტზე შევა,“-აცხადებს ჩხაიძე.

მისივე განმარტებით, კომპანიამ გააგრძელა მის ყველაზე მსხვილ დამკვეთებთან მუშაობა. მათ შორის, საბავშვო მოდის უდიდესი პლატფორმა bambinifashion.com-ი,სადაც Spilow-ს პროდუქცია (ე.წ დინო ჟაკეტები და დინო ქუდები) აქტიურად იყიდება. კომპანიას პარტნიორები ჰყავს ავსტრალიაში, კანადასა და ესტონეთში.

ჩხაიძე გაყიდვების მაჩვენებელზეც საუბრობს და განმარტავს, რომ აქტივობა პანდემიამდელ პერიოდს თითქმის უტოლდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიამ პანდემიის დროს დახურა მაღაზია და 100%-ით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა.

 

Businesspartner