SPILOW-ს ბრენდის საბავშვო ტანსაცმელი AMAZON-ზე ამ ეტაპზე აღარ გაიყიდება
საბავშვო სამოსის ბრენდ Spilow-ს თანადამფუძნებელი სოფიო ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბრიტანულ Amazon-ზე Spilow-ს ბრენდის საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
როგორც ჩხაიძე განმარტავს, კომპანიამ Amazon-ზე Spilow-ს ფერადი ტანსაცმელი (ე.წ დინო ჟაკეტები) გააგზავნა, თუმცა, ის მოლოდინი არ გამართლდა, რაც კომპანიის მენეჯმენტს ჰქონდა.
„ეს არის საბავშვო მოდა, რომელიც ყოველ 2 კვირაში ერთელ სხვადასხვა მოდელებს შედარებით სხვა საფასო სეგმენტისთვის დებს. ამ მიმართულებამ ვერ იმუშავა, რადგან აღნიშნულ პლატფორმაზე ძირითადად ბიუჯეტური ტანსაცმელი იყიდება. ამიტომ, ჩვენ გაყიდვებით კმაყოფილი არ ვიყავით.
გარდა ამისა,საჭირო იყო ძალიან დიდი ინვესტიცია,რომ Amazon-ის ალგორითმს ჩვენი პროდუქცია კარგად ამოეცნო და ძიებაში ამოეგდო “-აცხადებს ჩხაიძე.
მისივე განცხადებით, სამომავლოდ Spilow გეგმავს Amazon-ზე შედარებით ბიუჯეტური პროდუქცია, ამ შემთხვევაში, ე.წ დინო ქუდები გაიტანოს.
მისივე განმარტებით, კომპანიამ გააგრძელა მის ყველაზე მსხვილ დამკვეთებთან მუშაობა. მათ შორის, საბავშვო მოდის უდიდესი პლატფორმა bambinifashion.com-თან,სადაც Spilow-ს პროდუქცია (ე.წ დინო ჟაკეტები და დინო ქუდები) აქტიურად იყიდება. კომპანიას პარტნიორები ჰყავს ავსტრალიაში, კანადასა და ესტონეთში.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, Spilow-მ გაიმარჯვა PESA Virtual Academy-ს პროექტში, რომელსაც ერთობლივად ასოციაცია "დიზაინ ჯორჯია" და შემოქმედებითი ესტონეთი ახორციელებდენ. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი Spilow-ს პროდუქცია გაყიდვაში ესტონეთშიც ყოფილიყო.
ჩხაიძე გაყიდვების მაჩვენებელზეც საუბრობს და განმარტავს, რომ აქტივობა პანდემიამდელ პერიოდს თითქმის უტოლდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კომპანიამ პანდემიის დროს დახურა მაღაზია და 100%-ით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა.