ბიზნესი
11/08/2021

სოსო ფხაკაძე: "ალმა" სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს

გარე სარეკლამო ბაზრის კომპანია „ალმას“  მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პროფესიული გამოცდილება მიმართული იქნება გარე რეკლამის ინდუსტრიის განვითარებისა და ინოვაციური პროექტების დანერგვისაკენ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „ვისოლი ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

"მოხარულნი ვართ, რომ ჩვენ ჯგუფში შემავალმა კომპანია “ალმამ” მოიპოვა გამარჯვება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისში გარე რეკლამის განთავსების უფლებასთან დაკავშირებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ არანაკლებ მოხარულნი ვართ, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის სანაცვლოდ ჩვენი დედაქალაქის ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 34.8 მლნ ლარს. ფაქტია, რომ დედაქალაქმა ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება შეძლო.

ჩვენი ჯგუფი უკვე 23 წელია ჩართულია გარე რეკლამის ინდუსტრიაში. “ალმამ” კი, რომელიც ჩვენ წლების წინ შევისყიდეთ,  ჩვენს ჯგუფზე კიდევ უფრო ადრე, 1995 წელს დაიწყო ოპერირება გარე რეკლამის ბაზარზე.

ამ ისტორიის გათვალისწინებით, აუქციონში გამარჯვება  “ალმასთვის” მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება იყო. თუმცაღა, ობიექტურად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ადგილობრივი ბიზნესისთვის ეს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციაა. შესაბამისად, ჩვენ ჯგუფს წლების განმავლობაში მოუწევს ძალიან ბევრი მუშაობა იმისათვის რომ გავამართლოთ აღნიშნული ინვესტიცია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შპს “ალმას” ფორმატში ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რითაც ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე დედაქალაქის იერ-სახის გაუმჯობესება-გათანამედროვების კუთხით.

“ალმას" მთელი ამ მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პროფესიული გამოცდილება მიმართული იქნება გარე რეკლამის ინდუსტრიის განვითარებისა და ინოვაციური პროექტების დანერგვისაკენ,”  - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა.