ბიზნესი
04/11/2021

სნეპ ფიტნესი: მზად ვართ "მწვანე ბარათების" ასამოქმედებლად

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ გართულებულ ეპიდმიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და მთავრობამ რაიმე შეზღუდვები არ დააწესა, ქვეყანა “ლოქდაუნამდე“ მივა.

მისი ინფორმაციით, „სნეპ ფიტნესის“ ქსელი მიესალმება „მწვანე ბარათების“ სისტემის შესაძლო ამოქმედებას და თვლის, რომ სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში არ არსებობს.

„ამაზე სანამ მთავრობა დაიწყებდა საუბრს, კომპანიის შიგნით ჩვენ ვმსჯელობდით, გვინდოდა ფიტნეს სექტორში ჩვენ ვყოფილიყავით პიონერები. თუმცა, ანალიზის საფუძველზე მივხვდით, რომ ეს გადაწყვეტილება ისე დაარტყამდა ისედაც დასუსტებულ ბიზნესს, რომ შეიძლებოდა ვეღარ გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება. არსებობს მომხმარებლის კატეგორია, რომელიც გეუბნება, რომ მას შემდეგ გააგრძელებს სიარულს, როდესაც „მწვანე ბარათების“ სისტემას დავნერგავთ, მაგრამ ასეთი კატეგორია ძალიან ცოტაა და არსებობს კატეგორია, რომელიც აზუსტებს, „მწვანე ბარათების“ სისტემის დანრგვის შემთხვევაში ხომ დაუბრუნებთ გადახდილ თანხას.

შესაბამისად, დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფინანსურად „მწვანე ბარათების“ სისტემის ამოქმედება ძალიან წამგებიანი, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში - ეფექტური იქნებოდა. ამიტომ ველოდებოდით მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ინიციატივას, რათა ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება. მოხარული ვიქნებით, თუ ამის ინიციატორი მთავრობა იქნება და ჩვენზე, ბიზნესზე არ წამოვა აგრესია. ჩვენ რომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება სექტორში, დავკარგავდით მომხმარებლებს,“ - აცხადევს სოლოღაშვილი.

„სნეგ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, „მწვანე ბარათების“ სისტემის დანერგვისთვის საჭირო შესაძლო ინვესტირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დათვლილი არ არის რამდენად გაუზრდის ხარჯს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, კომპანია მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

„ტექნიკურად როგორ იქნება ეს ჯერ არ ვიცი, ხარჯი ისედაც გაზრდილი გვაქვს და კიდევ რამდენით გაიზრდება, ამასაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა, გრძელვადიანი პერსექტივისთვის, გვიღირს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ინიციატივას შეურთდეთ“, - აცხადებს სოლოღაშვილი.

დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ბოლო დღეებია ქვეყანაში ამ მხრივ  მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5206  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53  პაციენტი.

"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია. "მწვანე ბარათის" ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.