ბიზნესი
11/11/2020

Site Selection-ი საქართველოზე წერს - სივრცე, სადაც უმსხვილესი ინვესტორები საინვესტიციო პროფილებს ეცნობიან

„Site Selection Magazine არის ზუსტად ის სივრცე სადაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები ეცნობიან ქვეყნის საინვესტიციო პროფილებს და მოხარული ვართ, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე სწორედ ასეთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ მიიქცია ყურადღება,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

ამერიკულმა გამოცემამ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე სტატია სათაურით „საქართველო - ქვეყანა უდიდეს ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით" გამოაქვეყნა.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. მისი თქმით, ლოკაციების კონსულტანტებისთვის ეწყობა გაცნობითი ტურები, რომლის ფარგლებშიც ისინი ხვდებიან საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს. შედეგად, სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სიღრმისეული ცოდნა საქართველოში ინვესტიციის პოტენციალზე და გაიგონ მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

„წელს ორჯერ ვუმასპინძლეთ საინვესტიციო კონსულტანტებს, სხვადასხვა საერთაშორისო, პრესტიჟული კომპანიებიდან. მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს და სააგენტო მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს,“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

საქართველოს შესახებ საინვესტიციო პროფილი მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.