"სილქ როუდ ჯგუფი" "საქანელას" პროექტზე მერიის გადაწყვეტილებას ელოდება
„სილქ როუდ ჯგუფი“ საქანელას პროექტზე მერიის გადაწყვეტილებას ელოდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჯერად მომზადებულია პროექტის გენგეგმა და ის არის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების ეტაპზე.
პროექტი ითვალისწინებს საქანელას ქუჩის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, სადაც განთავსდება საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით. ზოგადად, თანამედროვე ურბანული განვითარება თავს არიდებს მონო-ფუნქციურ მშენებლობებს, სადაც მაგალითისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი სახლები ან მხოლოდ ოფისები განთავსდება.
“საქანელას პროექტში ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო კავშირი რუსთაველსა და მარჯანიშვილის მოედანს შორის. სადღეისოდ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი უბნის საფეხმავლო კავშირი ხმაურიან და მტვრიან ჯავახიშვილის ქუჩაზე გადის.
პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქანელას ქუჩის გავლით ვერის ხიდამდე მისვლა. ასევე, პროექტი ითალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ლიფტებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება ვერის ხიდის ტერიტორიიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ მოხვედრა,“ - აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.
საპროექტო ტერიტორია, სანაპიროს ქუჩასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ჯამში 65 000 კვ.მ-ს აღწევს. აქედან 33 ათასი კვადრატული მეტრი იქნება საცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი საოფისე, სასტუმრო და კომერციული ფართები.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიასთან და ისტორიულ საბჭოსთან მოლაპარაკების გზით განისაზღვრა, რომ პროექტის სამშენებლო ფართი არ უნდა აჭარბებდეს 65.000 კვადრატულ მეტრს (კოეფიციენტი 3.1).
პროექტის ავტორია არქიტექტურის და ურბანული განვითარების გერმანული კომპანია „გრაფტი“, რომელსაც მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოში და ბევრი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო აქვს მიღებული.
"სილქ როუდ ჯგუფი" საქანელას პროექტის განხორციელებასთან ერთად გეგმავს მიხეილ ჯავახიშვილის სახლის რეაბილიტაციას და გამაგრებას.
“ერთმნიშვნელოვნად ნარჩუნდება ისტორიული ნაგებობა. ცხადია ის უძრავი ძეგლია და მასზე კანონით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. ამასთანავე, განაშენიანებაში მაქსიმალურად არის გამოკვეთილი აღნიშნული შენობა. შენობის ისტორიული მეხსიერებიდან, მისი სტატუსიდან გამომდინარე, შევეცადეთ, რომ ნაგებობას კვლავაც დომინანტის როლი ეთამაშა განაშენიანებაში,“ - აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.