ბიზნესი
16/10/2020

სიკვდილს შეზღუდვა სჯობს - ლაშა პაპაშვილი

ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღაა, გუშინ კი მთავრობამ სარესტორნო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა. რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და რას აპირებს იმ პირობებში, თუ  მკვეთრი ზომები სხვადასხვა სექტორზე უფრო გლობალურად დაწესდება?

მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც განვითარებული და ძლიერი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო გაცილებით ღარიბი და მაღალი რისკების ქვეყანაა. აქვს  თუ არა ქართულ ბიზნესს მკვეთრი ზომების მიღების ფუფუნება - ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“  ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი საუბრობს.

მისი განცხადებით, პანდემიის დაწყების დღიდან ის  ბიზნესზე შეზღუდვების დაწესების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ახლა, როდესაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დამძიმდა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, მიიჩნევს, რომ რა შეზღუდვაც გამართლებული და საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული იქნება, ის უნდა დაწესდეს.

„სიკვდილს შეზღუდვა სჯობს. მსოფლიოში არის შეზღუდვების პრაქტიკა. მაგალითად, ლონდონი დაკეტილია და ქართველებმა რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ არაფერი უშავს. გადავიდიდნენ რესტორნები ონლაინ მუშაობაზე, ამ ფორმით მიაწოდონ საკვები. გლობალური კატასტროფების ფონზე არ გვჭირდება ღამის ცხოვრება და გაუთავებელი ჭამა-სმა. ჯობს სახლში მიწოდების სერვისი ამოქმედდეს, თავის დროზე  ჭამით და თავის დროზე დაძინებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.  

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბიზნესი შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ არსებობას, პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ვერ იქნება ფლაგმანი და უნდა გავითვალისწინოთ  ის როგორც მოიქცევიან დიდი ბაზრები, დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოები.  

„რამე განსკუთრებულის მოგონების წინააღმდეგი ვარ. თუ  საერთაშორისო პრაქტიკა იქნება რომელიმე დარგის შეზღუდვის, უნდა მივყვეთ, სხვა გზა არ გვაქვს. თავს ვერ გამოვიჩენთ და ინდივიდუალურები ვერ ვიქნებით,“ - აცხადებს პაპაშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში დღეიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება 22:00 საათიდან  იზღუდება.