ბიზნესი
23/01/2023

შვეიცარიელი ექსპერტები ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

BPN Georgia-ს შვეიცარიიდან ფონდის (BPN) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის მიზანს ადგილზე სიტუაციის გაცნობა, BPN Georgia-ს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში უკეთესად გარკვევა, ადგილობრივი გუნდისთვის შვეიცარიული გამოცდილების გაზიარება და პროგრამის აქტიურ მონაწილეებთან ვიზიტი წარმოადგენდა.

შვეიცარიიდან ორგანიზაციის წარმომადგენლების, სპონსორების, სხვადასხვა დარგის ექსპერტების სტუმრობა BPN Georgia-ს ბიზნესის ხელშეწყობის გრძელვადიანი პროგრამის შემადგენელი კომპონენტია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა: ფონდის თანადამფუძნებელმა ქ-მა ბენცლი ოპრეხტმა, BPN(ბიზნეს პროფესიონალთა კავშირი)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვილი ჰელბლინგმა და ფანდრაიზინგის და ივენთების მენეჯერმა კაროლინ ფლიუკმა BPN Georgia-ს ადგილობრივი გუნდისგან მოისმინეს ის მიღწევები და გამოწვევები, რომლებთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს ორგანიზაციას.

ვიზიტის ფარგლებში BPN-ის შვეიცარიელმა და ქართველმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ ღირებულებების მნიშვნელობაზე, რომლებიც ფონდის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტს წარმოადენს. საუბარი შეეხო ასევე მომდევნო წლის მიზნებს, ჩამოყალიბებულ იქნა გეგმები და სტრატეგიული ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად.

BPN Georgia-ს სტუმრები ადგილობრივ მეწარმეებსაც ეწვივნენ. ადგილზე მოინახულეს საოჯახო საწარმო საპნის ატელიე, საიუველირო კომპანია ცვარა და ესთეტიკის ცენტრი კურაჟ როიალ ბიუთი. ამ კომპანიების მმართველმა-დამფუძნებლებმა შვეიცარიელ სტუმრებს ადგილზე გააცნეს საკუთარი პროდუქტები თუ სერვისები, გაუზიარეს ინფორმაცია არსებულ სიტუაციაზე, პრობლემებსა თუ წარმატებებზე, კიდევ ერთხელ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება BPN Georgia-სთან თანამშრომლობასა და იმ უპირატესობებზე, რასაც გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე შვეიცარიელი ექსპერტებისგან. BPN-ის შვეიცარიის ოფისის წარმომადგენლების სტუმრობა, მათგან მიღებული რეკომენდაციები, მათი მოსაზრება საკუთარ ბიზნესზე ღირებული და ხშირ შემთხვევაში დიდი მოტივაციის წყაროა ქართველი მეწარმეებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის სტუმრები BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებასაც დაესწრნენ, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ ათეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, რომლებიც უკვე წლებია თანამშრომლობენ BPN Georgia-სთან და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სერვისს იღებენ, რაც მათ ხელს უწყობს კიდევ უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი საქმიანობა. ეს შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ინფორმაციის გაცვლისთვის, რასაც ემსახურებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული დისკუსია, სადაც ფონდის თანადამფუძნებელმა, სასტუმრო Lenkerhof-ის მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ქ-მა ბენცლი ოპრეხტმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა შიდა ინფორმაცია საკუთარი სასტუმროს მართვის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება სასტუმროს მენეჯმენტი მაგ. პერსონალის გადინების პრობლემას, როგორ ახერხებს ახალი მომხმარებლების მოზიდვას და მათ მუდმივ და ლოიალურ მომხმარებლად შენარჩუნებას, რაში მდგომარეობს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს კონკურენტული უპირატესობა და სხვა.

ფონდის შვეიცარიელ წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღონისძიებამ, იმის ხილვამ, თუ რამდენი მეწარმის გაერთიანება მოახერხა ხანმოკლე პერიოდში BPN Georgia-მ. ეს შეხვედრა და ვიზიტი შვეიცარიიდან კიდევ ერთი დასტური იყო იმის, რომ BPN-ის საქმიანობა საქართველოში ნამდვილად ემსახურება ფონდის ძირითად მისიას - ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკური ფონის გაძლიერებას.

თუ თქვენც გსურთ, გაიზიაროთ შვეიცარიული გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო წარმატებით მართვაში, შემოუერთდით ბიზნესის განვითარების გრძელვადიან პროგრამას და წვლილი შეიტანეთ არამარტო საკუთარი საქმიანობის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში!

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე დარეგისტრირდით https://bpngeorgia.ge/home/programme/BPN-programme ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.