ბიზნესი
15/11/2022

შვედეთში Stockholm Food and Wine-ზე ქართული ღვინის შვიდი კომპანია მონაწილეობდა

შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში Stockholm Food and Wine ქართული ღვინის მწარმოებელმა შვიდმა კომპანიამ „ვაზის კალამი“, „მათრობელა ვაინსი“, „ვაზისუბნის მამული“, „ქართველი“, „ქიმერიონი“, „მიხეილის მარანი“ და „ტყუპების საღვინე სახლი“ მიიღო მონაწილეობა.

Stockholm Food and Wine-ზე მოსული სტუმრები ქართული ღვინისა და მისი წარმოების 8000-წლიანი ისტორიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ.

ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე, სადაც ტრადიციულად ათასობით ღვინის პროფესიონალი იკრიბება, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანადგომით განხორციელდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, სკანდინავიის ქვეყნებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ქართული ღვინის მასტერკლასი ჩატარდა, შეხვედრები გაიმართა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჯგუფთან Partner&CEO „Wine publishing AB”, შვედეთში ღვინისა და გასტრონომიული უმსხვილესი გამოფენის Stockholm food and wine fair ორგანიზატორებთან და შვედეთის სამეფოში ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი უწყების Systembolaget წარმომადგენელთან.

მიმდინარე წელს, საქართველოდან შვედეთში ექსპორტირებულია 152 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 56%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში.