შოთა ბურჯანაძე HACCP-ის დანერგვაზე: რეგულაცია 5 წლის წინ რომ შემოეღოთ, აფეთქდებოდა სექტორი
1 ივნისიდან ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც საცალო სავაჭრო ობიექტებში სურსათის წარმოებასა და გადამუშავებას ახორცილებენ, საქმიანობის გაგრძელება HACCP-ის პრინციპების შესაბამისად მოუწევთ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სფეროს წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრები ნამდვილად იყო, თუმცა გარკვეული ნაწილი გაურკვევლობაშია და არასწორი წარმოდგენა აქვთ HACCP-ის სტანდარტებზე, რასაც ზოგიერთი ადამიანი ბოროტად იყენებს.
„HACCP-ის სტანდარტი არ არის რაღაც დანადგარი, რომელიც უნდა დააყენოს ბიზნეს ოპერატორმა. ეს არის ქმედების გარკვეული მიმართულება, თუ როგორ უნდა შეინახონ, განათავსონ პროდუქტი და ა.შ. ეს რეგულაცია რომ 5 წლის წინ შემოეღოთ, „აფეთქდებოდა სექტორი“, თუმცა ნელ–ნელა მივედით იქამდე, რომ ამ დროის განმავლობაში პრაქტიკაში გადმოტანილი სტანდარტები ფურცელზეც გადმოვიტანოთ.
უფრო დეტალურად რომ ავხსნა, HACCP-ის სტანდარტის მიხედვით უნდა მოხდეს მაგალითად, ობიექტზე ხორცის შემოტანის ვადა, ვარგისიანობა, მომზადების პირობები, ჰიგიენა და ა.შ აღწერა. რა თქმა უნდა, ეს ყველა პროდუქტს არ ეხება. საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც პროგრამა უნდა დაინერგოს ან რაიმე მსგავსი, რეალურად უმარტივესია", – აღნიშნავს, შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის თქმით, ვადის გადაწევაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს.
„ისეთი ობიექტები, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ საერთოდ უნდა დაიხუროს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი არასწორად მიირთმევს კერძს. HACCP-ის პრინციპების დანერგვას არც დიდი დრო სჭირდება და არც ხარჯებთანაა დაკავშირებული, იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი მანამდეც ნორმალურად მუშაობდა. თუ ობიექტი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ამ რეგულაციის მიღებამდეც ვერ აკმაყოფილებდა, ასეთი ბიზნეს ოპერატორებისთვის რთული წარმოსადგენია HACCP-ის სტანდარტის მიღება,“ – ამბობს ბურჯანაძე.
ინფორმაციისთვის, HACCP-ის სტანდარტი არ არის ახალი, 2015 წლიდან სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას უკვე დანერგილი აქვს. პირველ რიგში სტანდარტის მოთხოვნა გავრცელდა სასაკლაოებზე, შემდეგ ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებზე. 2018 წელს კი შეეხო იმ საწარმოებს, რომლებსაც ექსპორტზე გადაუმუშავებელი თხილი გააქვთ. 2021 წლის 1 იანვრიდან HACCP-ის პრინციპით მუშაობს ხორცის დამამუშავებელ ბიზნესებს და 1 ივნისიდან სარესტორნო სექტორს მოუწევს ახალი რეგულაციით მუშაობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თქმით, თუ ბიზნეს ოპერატორი უშუალოდ ჩართულია პროცესში, მისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება ახალი რეგულაციით მუშაობა.