ბიზნესი
08/05/2021

კვების ობიექტებს პირველი ივნისიდან HACCP-ის სტანდარტის დანერგვა მოუწევთ

ობიექტებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. 1 ივნისიდან ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც საცალო სავაჭრო ობიექტებში სურსათის წარმოებასა და გადამუშავებას ახორცილებენ, საქმიანობის გაგრძელება HACCP-ის პრინციპების შესაბამისად მოუწევთ, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა.

რა უნდა იცოდნენ ბიზნეს ოპერატორებმა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის შესახებ, ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაცია ძალაში შედის ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, რაც ბიზნეს ოპერატორებს მისცემს საშუალებას, თავიანთ საწარმოებში აკონტროლონ სურსათის წარმოების პროცესი და მომხმარებელს შესთავაზონ უვნებელი პროდუქტი.

„იმ ობიექტზე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს დღემდე ჩაუტარებია სახელმწიფო კონტროლი, არ დაფიქსირებულა ან დაფიქსირებულა კრიტიკული შეუსაბამობა და შემდეგ გამოსწორებულა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ობიექტებს HACCP-ის პრინციპების 80% უკვე შესრულებული აქვს. დარჩენილია 20%, რომელშიც იგულისხმება საწარმოო პროცესის ბლოკ-სქემის გაწერა თუ რა საქმიანობებს აწარმოებს ბიზნეს ოპერატორი თავის სამზარეულოში და შემდეგ ამ კრიტიკული წერტილების ჩანაწერებით კონტროლი, რომელსაც წარადგენენ მაკონტროლებელთან ვალიდაციისთვის. არაერთი შეხვედრა გვქონდა სექტორის წარმომადგენლებთა, ასევე ასოციაციებთან. ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და შევთანხმდით არსებული ცვლილების აუცილებლობაზე,“– აღნიშნავს ვასილ ბასილაძე.

HACCP-ის სტანდარტი არ არის ახალი, 2015 წლიდან სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას უკვე დანერგილი აქვთ. პირველ რიგში ეს გავრცელდა სასაკლაოებზე, შემდეგ ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებზე. 2018 წელს კი იმ საწარმოებს, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ გადაუმუშავებელი თხილი. 2021 წლის 1 იანვრიდან HACCP-ის პრინციპით მუშაობს ხორცის დამამუშავებელ ბიზნესებს და 1 ივნისიდან სარესტორნო სექტორს მოუწევს ახალი რეგულაციით მუშაობა.

„განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო კვების ობიექტების მიმართ. რაც შეეხება, ხარჯებს, ძირითადი ნაწილი საჭიროა ინფრასტრუქტურისთვის და ჩანაწერების მოსაწესრიგებლად. თუ ბიზნე სოპერატორი უშუალოდ ჩართულია პროცესში, მისთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება ახალი რეგულაციით მუშაობა. თუ ბიზნესოპერატორს მსგავსი გამოცდილება არ აქვს, ამისთვის არსებობს საკონსულტაციო სამსახური.

HACCP-ის სისტემის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობაში გაწერილია ასევე საჯარიმო სანქციები, მცირე ბიზნესი 200 ლარით, მსხვილი ბიზნესი 400 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი 1200 ლარით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, პანდემიის მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.  “– ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.