"შეუძლიათ მოიკრიბონ ძალები" - მოლებს ქონების გადასახადისგან არ ათავისუფლებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოგები სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ბიზნესი მთავრობასთან გარკვეული მოთხოვნებით მივიდა, თუმცა ეკონომიკურმა გუნდმა მათი არცერთი შეთავაზება არ გაიზიარა. ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხი ქონების გადასახადია, თუმცა როგორც დღეს ცნობილი გახდა, სავაჭრო ცენტრებს ქონების გადასახადის შეღავათი არ შეეხებათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
"საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება. ასევე, წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ, შესაბამისად სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით მათ შეუძლიათ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა“, - ამბობს თურნავა.
მისივე თქმით, მოსახლეობაში ვაჭრობის მოთხოვნა დიდია და შესაბამისად, ინდუსტრია სწრაფად შეძლებს აღდგენას. მინისტრის განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით 2021 წლის თებერვალი სექტორისთვის შემოსავლიანი იქნება.