ბიზნესი
20/10/2020

შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის ბანკებთან შუამავლობას სთხოვს

ცნობილი შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას ბანკებთან შუამავლობას და კიდევ უფრო რეალური დახმარების რეკომენდაციას აძლევს. როგორც კობიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გლობალურად, HoReCa  სექტორს მთელს მსოფლიოში ძალიან გაუჭირდა.

„ადამიანები სამსახურებს კარგავენ, რესტორნები იხურება, რადგან ძალიან დიდი შეზღუდვებია. მესმის, რა ეპიდსიტუაციაა, თუმცა, თუ მთავრობამ მართლა ხელი არ შეუწყო ბიზნესს, ეს სფერო საერთოდ მოკვდება. ამ ყველაფრის წამოწევა ძალიან რთული იქნება, ბევრი რესტორანი დაიკეტება და ბევრი რესტორანი  გაკოტრდება. ახლაც, ინტერნეტში, გარკვეულ ვებ-გვერდებზე საკმაოდ ბევრი განცხადებაა, რომ რესტორანი იყიდება,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

მისი  ინფორმაციით, გაზაფხულზე, როდესაც პანდემიის გამო მთავრობამ ყველა ბიზნესი გააჩერა, რესტორნებმა მუშაობის გასაახლებლად დამატებით სესხები  აიღო, დღეს კი შემოსავლები არ იძლევა სესხების მომსახურების საშუალებას.

„ახლა თუ სიტუაცია ისევ განმეორდა და მათ კიდევ ისესხეს ფული ბანკებიდან, ამის საშუალება არის? შემოსავალიც აღარ არის. ზაფხულში ასე თუ ისე მუშაობდა ტერასული რესტორნები, დახურულ სივრცეში არავინ შედიოდა. ახალი რეგულაციებით თუ რესტორანს უნდა დაესვა 60 ადამიანი, ახლა სვამს 20-ს, შესაბამისად, შემოსავალიც შემცირდა. ბანკებმა სესხების გადახდა გადაავადეს, მაგრამ ამაში პროცენტებს ახდევინებენ. თუ ხელშეწყობაა, ხომ შეიძლება რეალური იყოს და პროცენტების გადახდა აღარ უწევდეს ხალხს? “- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ბრენდ შეფი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც აფასებს, რომელიც  რესტორნების 22:00 საათის შემდეგ შეზღუდვას გულისხმობს და აცხადებს, რომ ეს რეგულაცია სწორი და გამართლებული ნამდვილად არ არის. „ამ შეზღუდვის  აზრს  ვერ ვხედავ. 22:00 საათამდე იჯდება ადამიანი რესტორანში თუ 00:00 საათამდე რა მნიშვნელობა აქვს? თუ კოვიდი უნდა გადაედოს, ის 22:00 საათამდეც გადაედება,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

როგორც ცნობილი შეფი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ის ახლახანს დაბრუნდა პარიზიდან და მსგავსი პრეცენდენტი არსად შეხვედრია.

„უბრალოდ, ადამიანები იცავენ  რეგულაციებს, წესებს  და რესტორანში ჩვეულებრივად დადიან. ევროპაში, 22:00 საათის შემდეგ არ ყიდიან ალკოჰოლურ სასმელს, რომ ალბათ ადამიანებმა ნასვამ მდგომარეობაში არ იარონ. ერთადერთი ამ ბიზნესში ეს შეზღუდვაა. დანარჩენი ყველაფერი ღიაა, ყველაფერი ჩვეულებრივად მუშაობს,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ცნობილ შეფს ესპანეთის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ქვეყანა ამ გამოცდილებას გაიზიარებდა. „მაგალითად, იბიცაზე მთელი ზაფხული არცერთი კლუბი მუშაობდა.  ხოლო ფუნქციონირებდა რესტორნები, რომელსაც საკმაოდ კარგი, შემოსავლიანი სეზონი ჰქონდათ. ამით ხელი შეუწყეს კორონავირუსის არ გავრცელებასაც. ალბათ ჩვენც რომ ასე გაგვეკეთებინა ზაფხულის პერიოდში, უკეთესი იქნებოდა. კლუბები არ უნდა გახსნილიყო, ემუშავა მხოლოდ რესტორნებს.“-აცხადებს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც იზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.