შაბათ-კვირას დახურვას, გვირჩევნია სხვა დღეებში არ ვიმუშაოთ - რითეილ გრუპ ჯორჯია
შესაძლო დამატებით შეზღუდვებს ერთ-ერთი ნეგატიური გავლენა რითეილ სექტორზე ექნება. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სექტორი დამატებითი შეზღუდვების გარეშეც მძიმე მდგომარეობაშია.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, დამატებითმა რეგულაციებმა სექტორის ოპერირება ისე შეზღუდოს, რომ მაღაზიების ფუნქციონირებამ აზრი დაკარგოს.
მაღალაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ბიზნესთან აქტიურ კომუნიკაციაშია და იმედოვნებს, რომ გამოიძებნება ოქროს შუალედი.
„შევხდით პრემიერს. მთავრობის ამოცანაა მობილობის შემცირება, თუმცა საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სექტორზე. შევეცადეთ სექტორის წინაშე არსებული რისკები წარმოგვეჩინა. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი სექტორი უსაფრთხოა რამდენადაც რეგულაციები მაქსიმალურად სრულდება. ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, რომ საუბარია კონკრეტული დღეების გაუქმებაზე, მაგალითად შაბათ-კვირის შეზღუდვასა და სამუშაო საათების შემცირებაზე.
„ორივე სცენარი ჩვენს მუშაობას შეუძლებელს ხდის. ახლა 20:00 საათზე ვასრულებთ მუშაობას, რომ თანამშრომლებმა 22:00 საათამდე მოასწრონ სახლში მისვლა, შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში 18:00 საათზე მუშაობის დასრულება. დასაქმებული მოსახლეობა უმეტესად 18:00 საათის შემდეგ თავისუფლდება, შესაბამისად, მათ დრო აღარ ექნებათ, შოპინგისთვის. ამის გამო, მათ შოპინგის შაბათ-კვირამდე გადადება მოწევთ, მაგრამ თუ შაბათ-კვირა შეიზღუდება, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ასეთ შემთხვევაში სჯობს სულ დავიკეტოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვალდებულებების გასტუმრებას როგორც იჯარის, ისე თანამშრომლების ხელფასების მომსახურებას. მაშინ ამაზე მზაობა მთავრობისგანაც უნდა იყოს. საინტერესოა რა ტიპის დახმარებებს შეიძლება ველოდოთ სახელმწიფოსგან რომ მაქსიმალურად ნაკლები სამუშაო ადგილი დავკარგოთ“, - აცხადებს მაღალაშვილი.
მისი შეფასებით, თუ შეზღუდვა განზოგადებულად ყველას შეეხება, მაშინ უნდა მოიძებნოს ისეთი დღეები, რომ რითეილმა ფუნციონირება შეძლოს.
„მაგალითად, შაბათ-კვირა მობილობა თუ შეიზღუდა, არ არის აუცილებელი გავრცელდეს სავაჭრო ცენტრებზე. ან მაგალითად, შაბათ-კვირას დახურვას, გვირჩევნია დავიხუროთ სხვა დღეებში, თუნდაც 3 დღე იყოს ორის ნაცვლად“, - აცხადებს მაღალაშვილი.
რეზო მაღალაშვილის განცხადებით, სექტორში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული. ამავდროულად მაღალაშვილი რომელიმე ცნობილი ბრენდის საქართველოს ბაზრიდან გასვლას გამორიცხავს. მით უმეტეს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყევტილება არ არის მიღებული.
„რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, გრძელდება კონსულტაციები ბიზნესთან და არსებობს ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში განხორციელდება შეზღუდვები.