ბიზნესი
24/03/2021

სეთური კავკასუსზე: ინვესტორი უნდა მიხვდეს, არ ვართ ქვეყანა, სადაც კანონს გვერდს აუვლი

დემარში არა მხოლოდ კომუნიკაციის კომისიის არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, - ასე აფასებს კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი კომისიის თანხმობის გარეშე ნექსოლ ჰოლდინგის მიერ "კავკასუს ონლაინში" წილის 100%-მდე შევსებას.

ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მნიშვნელოვანი წილის შემძენს მარეგულირებელი ორგანოსგან თანხმობის მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გარიგება კანონიერად ვერ ჩაითვლება.

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ამ გარიგებით საფრთხე ექმნება GE დომენების ზონას, ევროპასთან დამაკავშირებლი ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გასხვისებით კი, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, ისევე, როგორც საქართველოს ციფრული ჰაბის მომავალს.

„არაორაზროვანი ჩანაწერია კანონში, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს ამ მოცულობის წილის შეძენის შემთხვევაში წინასწარ ნებართვის არსებობას მარეგულირებელი კოლეგიალური ორგანოს მხრიდან. ჩემი გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ანალოგიური ჩანაწერი ჩადებულია წილის გასხვისების ხელშეკრულებაში. ეს ინვესტორმა იცოდა და ეს უნდა დაეცვა. თუ მისთვის სულერთია ქართული კანონმდებლობა? მას ოპერირება მოუწევს საქართველოში, ეს კაბელი არის ფიზიკურად საქართველოში და მასზე ვრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც კანონმდებლობაში წერია. მას მოუწევს ამ რეალობაში მუშაობა. ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეს კანონი მათ შორის, იცავს ბაზრის მსხვილი მოთამაშეების თავნებობისგან მცირე მოთამაშეებს და რაც ყველაზე მთავარია საბოლოო მომხმარებლებს“, - განუხადა „ბიზნესპარტნიორს“ მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა.

მისი თქმით, დღეს არავინ საუბრობს, მაგრამ დიდი საფრთხე ექმნება GE დომენების ზონას, რომელიც 40 ათასამდე დომენს აერთიანებს და რომელიც ქმნის „ქართულ ინტერნეტს“.

„ჩვენთვის გაურკველია, რამდენად დაიცავს რომელიმე მენეჯერი ინვესტორის, მფლობელი მოთხოვნა და ის ინფორმაცია არ გავა ქვეყნიდან“, - აღნიშნავს უჩა სეთური.

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რადგანაც კომპანიის მფლობელები არ ითვალისწინებენ კანონის მოთხოვნებს რჩება 2 ბერკეტი, ერთი ეს არის „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება და მეორე მისი აქტივების, მათ შორის, ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის დაყადაღებას.

„ჩვენი აზრით, ეს არის არა მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ გაკეთებული დემარში, არამედ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, მე ამას ასე ვუყურებ, ამ შემთხვევაში არის ერთობლივი მოქმედება საჭირო, რომ გამოსავალი მოიძენოს და ინვესტორი მიხვდეს, რომ ეს არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც კანონებს მარტივად შეიძლება გვერდი აუარო და მასზე პასუხისმგებლობა არ დაგეკისროს“, - ამბობს სეთური.

მისი განმარტებით, მოცემულობა ასეთია: აზერბაიჯანულმა მხარემ აიღო ლიდერობა ამ პროექტში (ციფრული ჰაბის პროექტი) შეუთანხმდა ცენტრალური აზიის ქვეყნებს მათ შორის, ყაზახეთთან დადო მემორანდუმები. აქ არსად ჩანს საქართველო. საქართველოს ინტერესი მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სიმძიმის ცენტრი, რომელიც არის დღეს საქართველოში გადაიტანონ ბაქოში. ამის წინაპირობას ქმნიან. თბილისი კარგავს ინიციატივებს”.