“სესხების სუბსიდირების პროგრამის გარეშე, დეველოპერული სექტორი ჩამოიშლება“ - “არსი“
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ თუ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა არ გაგრძელდება, ეს სექტორი ძალიან სწრაფად ჩამოიშლება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
დეველოპერი მიიჩნევს, რომ ნეგატიური შედეგი ძალიან მალე 2-3 თვეშივე იქნება ხელშესახები. ამ დრომდე სექტორში სტაბილურობა ამ პროგრამამ განაპირობა. „ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული დროული და სწორი ნაბიჯი“, - მიიჩნევს ბესო ორთოიძე. დეველოპერი პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ მეტი პირისთვის გახდება შესაძლებელი სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა.
„ერთი მიზეზი და არგუმენტიც კი არ მაქვს, რატომ შეიძლება არ გააგრძელოს პროგრამა სახელმწიფომ. ბიუჯეტის მხრიდანდაც თუ შევხედავთ, ფინანსურ ნაწილს, ეს არის ბიუჯეტის მხრიდან სწორი ინვესტიცია. გაცილებით მეტს იღებს სახელმწიფო, ვიდრე ხარჯავს. მარტო წელს რაც დაიხარჯა 70 მილიონის მეხუთედი - 14 მლნ, ეს უკვე ამოღებულია. ჩვენ 70 მილიონზე მეტი პირდაპირ გადავიხადეთ ჩვენთან შემოსული სესხებზე დამატებული ღირებულების სახით. მხოლოდ წელს გადავიხადეთ ის თანხა, რაც სახელმწიფომ 5 წელიწადში უნდა დახარჯოს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.
მისი თქმით, სამშენებლო სექტორში მთავარია მოლოდინები, არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, რომ ფასები დაეცემა და სექტორი ჩამოიშლება.