სესხების სუბსიდირება დეველოპერებისთვის მასტიმულირებელი აღმოჩნდა - m² ჯგუფი
სესხების სუბსიდირება დეველოპერული სექტორისთვის მასტიმულირებელი აღმოჩნდა. m² ჯგუფში ამბობენ, რომ სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებებით, რაც ოპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამასთან ერთად მთავრობის გარანტიებსაც მოიცავს, სექტორი გამოცოცხლდა და ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების პროგრამაში დეველოპერები აქტიურად ერთვებიან.
„m² ჯგუფის" თანადირექტორი შოთა ბერეკაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სტიმულირების გეგმის შესახებ დეველოპერულ და სამშენებლო სექტორში მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესა. "დასტაბილურდა როგორც მშენებლობის ღირებულება, ასევე რეალიზებული ბინების ღირებულება, მაგალითად, ჩვენმა სამშენებლო ჯგუფმა BK Construction-მა სამუშაო ადგილებიც კი დაიმატა, მიმდინარეობს ახალი პროექტების განხორციელებაც, მათ შორის, "ოლიმპიური ვარსკვლავის" პროექტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს", - აცხადებს ბერეკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „m² ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ 12 წლის წინ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. სამშენებლო ნებართვები უკვე გაცემულია და სამუშაოები 2 კვირაში დაიწყება.