ბიზნესი
22/10/2020

სერიოზულ ინვესტორს არ ექნება ვესტერნის ქვეყანაში ინვესტირების სურვილი - თამაზ დაუშვილი

“სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა დამნაშავის დაკავება. კარგია, მძევლები უვნებლად გათავისუფლდნენ, თუმცა ის, რომ დამნაშავეს ეს შერჩა, ძალიან ცუდია,“ - ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ირგვლივ განვითარებულ  მოვლენებს.

მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი სამართალდამცავ სტრუქტურებში პრობლემებია, რაც ამძაფრებს მოსახლეობის დაუცველობის შეგრძნებას.

„გამოდის ისე, რომ ხვალ ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იგივე განმეორდეს და ისევე წარმატებით მოახერხოს სხვა დამნაშავემ მსგავსი დანაშაულის ჩადენა, როგორც გუშინ მოხდა ზუგდიდში. დღეს ვიგებთ, რომ კიდევ ადგილი ჰქონდა დაახლოებით მსგავს  პრეცედენტს ქობულეთში.  ეს ყველაფერი ზოგად ფონს ძალიან აუარესებს, მათ შორის ბიზნეს კლიმატს. არცერთ სერიოზულ ინვესტორს არ ექნება ვესტერნის ქვეყანაში ინვესტირების სურვილი, ეს შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ შეილახოს და იქ სადაც ტერორისტები იჭრებიან შენობებში, ხალხს მძევლად იყვანენ, ეს ყველაფერი გამოსდით და სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევაში არიან უსუსრები, ძალიან შემაშფოთებელია,“ - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

მისი შეფასებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება, რეფორმა. ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ მომავალი ხელისუფლება  პრიორიტეტად  ქვეყანაში კრიმინალის შემცირებას დაისახავს.

შეგახსენებთ, "საქართველოს ბანკი" გუშინ  მძარცველების სამიზნე გახდა. ბანკის ზუგდიდის  ფილიალში თავდამსხმელი შევიდა, რომელმაც მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას 0,5 მლნ დოლარი გადასცეს.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დღეს გამოეხმაურა პრემიერიც, გიორგი გახარიამ განცხადა, რომ გუშინ შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ეს პირველი ამოცანა იყო.

„რა თქმა უნდა, შსს-ს უმთავრესი ამოცანა აქვს, რომ ეს ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომ აღქმაში გაჩენა. ესაა ძირითადი ამოცანა“,- აღნიშნა გახარიამ. 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ქობულეთში თავდასხმა კომპანია DDG-ის კუთვნილ მანქანაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმელებმა 75 000 ათასი ლარის წაღება შეძლეს.