სემეკი GWP-სთან ქსელის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
სემეკ-ის თავმჯდომარე ენერგეტიკული და წყალმომარაგების კომპანიების ქსელებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. დავით ნარმანიას განცხადებით, დღეისათვის, ყველაზე პრობლემური დედაქალაქში მაინც წყალმომარაგების ქსელი რჩება.
მისივე ცნობით, წელს მზადდება ახალი საინვესტიციო პაკეტი დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და რითაც დედაქალაქში წყალმომარაგების ქსელი უნდა მოწესრიგდეს.
„კომპანია GWP-ის მესაკუთრეებთან ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ, რათა ოპტიმალური, კარგი საინვესტიციო პაკეტი შემოიტანონ დასამტკიცებლად, რათა ქსელი კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს“ - აცხადებს დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორთან".
მისივე თქმით, პრობლემებია რუსთავის წყალმომარაგებაშიც. ამიტომ, სემეკ-მა გასულ წელს სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო და რუსთავის შემთხვევაში, საინვესტიციო პაკეტი კიდევ 20 მლნ-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სხვადასხვა ქსელთან მიერთებაში არსებულ პრობლემებს, დავით ნარმანიას განმარტებით, მარეგულირებელ კომისიას სამივე სექტორისთვის დადგენილი აქვს სხვადასხვა საფეხურები და ამ საფეხურების მიხედვით - მიერთების საფასური.
„დადგენილია კონკრეტული ვადები და ჩვენთან შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვახორციელებთ ამ პროცესის მონიტორინგს. სადაც სუბიექტური მიზეზების გამო ადგილი აქვს გადაცდომას, ჩვენი სისტემა მიერთების საფასურს პირდაპირ ანახევრებს, ანუ ნახევარ ფასად შეუძლია ახალ აბონენტს ქსელთან მიერთება.
გარკვეული პერიოდის მერე კი არიცხავს კომპენსაციას და საერთოდ უფასოდ ხდება მიერთება. ამდენად, ეს არის ინსტრუმენტი, რომლიც ავალდებულებს და აიძულებს კომპანიებს რომ მათ დროულად, სემეკ-ის მიერ დადგენილ ვადებში მიაერთონ ახალი მოხმარებელი. თუ სისტემა ქსელი არ არის გამართული და არ არის მზად, მათ ევალებათ, რომ პარალელურად ეს ქსელი მოიყვანონ წესრიგში“ - აცხადებს დავით ნარმანია.