ბიზნესი
09/10/2020

სათვალეები ვერცხლის ჩარჩოთი და ტყავის ჩანთები - Nikolo Brega ბაზარზე ახალ პროდუქციას გამოიტანს

სათვალეების ბრენდ Nikolo Brega-ს პანდემიის პერიოდში გაყიდვები გაორმაგდა მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დაკეტილი იყო და პროდუქცია მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბრეგაძემ განუცხადა, გაყიდვების სტიმულირებისთვის Nikolo Brega მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს.

"დავამატეთ ტყავის ჩანთები, რომელიც ასევე ხელნაკეთია და ბრენდირება ვერცხლის ფირფიტებზე აქვს გაკეთებული, ყველანაირ სტანდარტს და მაღალ ხარისხს აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ სათვალეების ახალ მოდელებზე, რომელიც ვერცხლის ჩარჩოებით იქნება. რაც შეეხება პანდემიის გავლენას, რეგულაციების შემსუბუქებისა და მაღაზიის გახსნის შემდეგ, 1–2 კვირის განმავლობაში შეკვეთების რაოდენობამ იკლო, თუმცა ახლა ჩვეული დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას", - განმარტავს ნიკოლოზ ბრეგაძე.

ბრენდის აბაშიძის ფილიალში გაყიდვების 15%–20% ტურისტებზე მოდიოდა, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციაზე, ლესელიძეზე გეგმავდა ახალი ფილიალის გახსნას, თუმცა პანდემიამ ეს გეგმა გადადო. გარკვეული შეფერხება იყო მასალასთან დაკავშირებითაც, რადგან ის კომპანიას ამერიკიდან ჩამოაქვს.

ხელნაკეთი სათვალეების წარმოება Nikolo Brega–მ 2017 წელს დაიწყო, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ნატურალური მასალებით დამზადებული აქსესუარების შეთავაზება. 

Businesspartner