საწვავი 5-7 თეთრით გაძვირდა
არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გაძვირება ძირიათადად თურქმენეთის მხრიდან კომპანიებისთვის საწვავის ფასის დაკორექტირებით არის გამოწვეული.
„იქიდან გამომდინარე რომ არაბრენდირებულ მცირე ბენზინგასამართ სადგურებს არ გააჩნიათ დიდი მარაგები ნაშთები, საბითუმო ბაზარზე არსებული ვითარება მარტივად აისახება მათ ფასებზე. მართალია, დღეს გაიზარდა ფასი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პერიოდის წინ შემცირდა, ეს მცირე რყევები არაბრენდირებული სადგურების შემთხვევაში სულ არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში მატებას კიდევ ერთი ფაქტი განაპირობებს. რეგულარის ტიპის საწვავის მოხმარება ქვეყანაში სტატისტიკურად ყველაზე მაღალია. დღეს მიმდინარე ეტაპზე არაბრენდირებულ სადგურებზე მსგავსი ტიპის საწვავი ძირითადად შემოდის თურქმენეთიდან. აღსანიშნავია, რომ ეს საწვავი ზოგადად ყველაზე დაბალფასიანია. მომწოდებელ თურქმენეთს თუ თვეების უკან ჰქონდა გარკვეული ფასდაკლებები საწვავზე დღეს ეს შეღავათები მოიხსნა. აქამდე თურქმენეთი გზავნიდა ტონა საწვავს შემდეგი ფორმულით. პლაცს მინუს $30, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ეს $30-იანი ფასდაკლება გაქრა. ამიტომ ვფიქრობ, არაბრენდირებულ სადგურებზე ფასის მატება კიდევ მოხდება.
რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია და რამე განსაკუთრებული რყევების მოლოდინი არ გვაქვს არც ფასის მატების და არც კლების მიმართულებით,“ - განმარტავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
ბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 2.80-დან 3,30 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება დიზელს მისი ფასი 2,64-დან 3 ლარამდეა. ცნობითვის პლაცზე 1 ტონა ბენზინის ფასი საშუალოდ $750-ია რაც პანდემიამდელ ნიშნულს $100-ით აღემატება.