სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევასთან დაკავშირებული ზღვრულად დასაშვები ნორმები BAG-ში განიხილეს
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან ზღვრულად დასაშვები ნორმები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ავტო იმპორტიორები, რომლებმაც სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან დეტალურად განიხილეს გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმების, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ რეგულაციის დანერგვის ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ნორმატიული აქტის დანერგვის პრაქტიკული საკითხები, შეთანხმდა მასში გარკვეული დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილების შეტანა, რომლის პროექტსაც სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებს უახლოეს დროში გაუზიარებს.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა და ზემოხსენებული რეგულაციის ამოქმედება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უწყვეტი პროცესია.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან შესაბამისი პასუხები და რეკომენდაციები.
„აღნიშნულ რეგულაციაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო თვეების განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციაშია, რაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. ჩვენი აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაციისას მნიშვნელოვანია შესაბამისი დირექტივების ისეთი ფორმით გადმოტანა, რომელიც ბიზნეს საოპერაციო დონეზე სირთულეებს არ შეუქმნის, ხოლო მეორეს მხრივ, მიღწეული იქნება რეგულაციების მიღების უმთავრესი მიზანი, თვისობრივად გაუმჯობესდება საავტომობილო პარკი და ნაკლები ზიანი მიადგება გარემოს. ვფიქრობთ საბოლოო, შეჯერებული ფორმით მიღებული დადგენილება, უპასუხებს აღნიშნულ მიზნებს, შესაბამისად, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისთვის“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.