სარესტორნო ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ სარესტორნო ბიზნესი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. საუბარია, „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მექანიზმზე, რომლის ფარგლებშიც ინდუსტრია დამატებით შეღავათებს ითხოვს.
„დასრულდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დღეს კერძო სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. დავაყენეთ საკითხი, რომ ასეთი სახით „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება ალოგიკური და არაჯანსაღია. საჭიროა დამატებითი ბენეფიტების გათვალისწინება. ამის გარეშე აზრს კარგავს ჩვენი მუშაობა. შეგვპირდნენ, რომ მოხდება ამ საკითხის შესწავლა და საკითხი საკოორდინაციო საბჭოზეც გავა,“ - აცხადებს გაბრიჩიძე.
შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.