ბიზნესი
04/10/2022

"საპონერიას" ქსელი ფართოვდება - კომპანია დამატებით 2 ბრენდულ მაღაზიას გახსნის

ბუნებრივი შემადგენლობის, პრემიუმ ხარისხის ხელნაკეთი საპნების და სპა საშუალებების მწარმოებელი კომპანია “საპონერია“ ქსელის გაფართოებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა ანა კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, 2022 წლის ბოლომდე  ერთი ობიექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება, მომავალ წელს კი „საპონერიის“ პროდუქციის  ყიდვა მომხმარებელს თბილისში, რუსთაველის გამზირზეც შეეძლება.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ორი მაღაზიის გახსნაში „საპონერია“ დაახლოებით 40 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

როგორც ცნობილია, კომპანიის პირველი მაღაზია ინტეგრირებული საწარმოთი  ვაკეში, დიმიტრი არაყიშვილის N8-ში 2022 წლის აპრილში გაიხსნა. მომხმარებელს ადგილზე შეუძლია გაეცნოს როგორც  პროდუქტის წარმოების პროცესს, ისე მისი დატესტვის შესაძლებლობა აქვს.

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, „საპონერიაში“  50-მდე სახეობის ხელნაკეთი პროდუქტი იყიდება, აქედან 20-მდე სახეობის საპონია. სამომავლოდ დაგეგმილია როგორც  ასორტიმენტის  გაზრდა, ისე მაღაზიათა ქსელის გაფართოება, მათ შორის, რუსთავში,  ქუთაისსა და ბათუმში. უახლოეს  მომავალში კომპანია სახის და თმის მოვლის საშუალებების წარმოებასაც გეგმავს.

როგორც კაჭკაჭიშვილი აცხადებს, პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ "პირველი არხის სატელევიზიო შოუ “შარქ თენქ საქართველოსგან" 80 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.

Businesspartner