ბიზნესი
27/07/2020

"საპონელა" ფართოვდება

პანდემიის დროს დაწყებული საოჯახო ბიზნესი გაფართოებისთვის ემზადება. „საპონელა“ ტანისა და თავის მოვლის ნატურალური საშუალებების ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად მხოლოდ კახეთში იყიდება.

ბრენდი ადგილობრივ სალონებშია ხელმისაწვდომი, თუმცა თანამშრომლების დამატებისა და შესაბამისი ლაბორატორიული ლიცენზიის მიღების შემდეგ სააფთიაქო ქსელებში შესვლას გეგმავს.

„პირველ ეტაპზე მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ვაკეთებდით საპნებს და თავის მოვლის სხვა ნატურალურ საშუალებებს, მაგრამ პანდემიის პირობებში გადავწყვიტე ეს საქმე ბიზნესად მექცია. გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია, მოთხოვნაც იზრდება და ვფიქრობ, უფრო მეტი სერიოზულობით მოვეკიდო ამ საკითხს. ჯერჯერობით მხოლოდ მე და დედა ვართ ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული, თუმცა უკვე ვფიქრობთ გაფართოებაზე და დამატებით ადამიანების დასაქმებაზე,“ - აცხადებს „საპონელას“ დამფუძნებელი.

„საპონელა“ ბაზარზე 6 სახეობის პროდუქტით არის წარმოდგენილი. ხელნაკეთი, სურნელოვანი, ნატურალური თავის მოვლის საშუალებებისთვის ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია.

„ნედლეულის მოპოვება საქართველოში ძალიან რთულია, ვინაიდან ბაზარზე საჭირო პროდუქტი არ მოჰყავთ, თუმცა მაგალითად ვარდის და ლავანდის ზეთს საქართველოში წარმოებული ნედლეულით ვამზადებთ და ამით გვინდა წვლილი შევიტანოთ მცირე ფერმერებისთვის სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებაში,“ - აცხადებს ეთო ჯავახიშვილი.

ამ ეტაპზე კომპანია წარმადობის გაზრდისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზეა. ბრენდის დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე „საპონელა“ ონლაინ გაყიდვების გარდა მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

Businesspartner