"საპარტნიორო ფონდმა" სახელფასო ფონდი შეამცირა
საპარტნიორო ფონდმა ხელფასები შეამცირა. კომპანიის არააუდირებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჯამური სახელფასო ხარჯი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 20%-ით, ამასთან, დასაქმებულთა რიცხოვნობა არ შეცვლილა.
გასულ, პანდემიურ წელს ფონდის შემოსავლები 42%-ით, 58 მლნ ლარამდე შემცირდა. ხარჯები 54 მლნ შეადგენდა. წმინდა მოგება კი, 2 მლნ ლარი იყო, 95%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფონდის შემოსავლები დივიდენდიდან 2021 წლისთვის მინიმალური იქნება, ვინაიდან შემოსავლის მთავარი წყაროს - ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგებამ 2020 წლისთვის მხოლოდ, 3 მლნ ლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს დივიდენდის განაწილებიდან საპარტნიორო ფონდმა 42.5 მლნ ლარი მიიღო.
„2021 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება Credit Suisse-ს მიმართ დარჩენილი სესხის რეფინანსირების შესახებ, რადგან ფონდს არ გააჩნდა საკმარისი სახსრები სესხის დასაფარად. ფონდმა მთავრობის გარანტიის გარეშე შეძლო მოეზიდა 32 მილიონი ევრო 2 წლის ვადით. თუმცა, ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოსთვის არსებობს ირიბი გარანტია, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს საწარმოს დეფოლტს. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის დაფინანსება დივიდენდებიდან შემცირდა 2021 წლიდან, კომპანიიდან მომდინარე ფისკალური რისკი გაზრდილია“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ფონდში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.