ბიზნესი
01/10/2021

საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

საპარტნიორო ფონდი რეორგანიზაციის წლის ბოლოსთვის დასრულებას პროგნოზირებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რეფორმების ფარგლებში გადაიხედება რამდენიმე საკვანძო საკითხი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფონდის დაფინასების წყაროა. ასევე, განიხილება რა მიმართულების პროექტებს უნდა აფინანსებდეს საპარტნიორო ფონდი და რა უნდა იყოს დაფინასების მინიმალური ზღვარი.

დავით საგანელიძის განმარტებით, იგივე საკითხები იქნება განხილვის თემა პარლამენტშიც, საშემოდგომო სესიაზე და საპარტნიორო ფონდი მომავალი წლიდან საქმინობას ახალი სტრატეგიით და ახალი ფორმით გააგრძელებს.

ბოლო ორი წელია ფონდს ახალ პროექტებში შესვლის უფლება შეჩერებული აქვს, რეფორმების რეკომენდაცია კი მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მისცა.

"დღეს სხვა გამოწვევები და სხვა მოთხოვნებია, სხვა სტანდარტებია, რომელსაც ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი უნდა აკმაყოფილებდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წელს შექმნილი ფონდის სტრუქტურით ვმუშაობდით, სწორედ ამან გამოიწვია რეფორმების აუცილებლობა,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

მისი განმარტებით, ფონდის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა მიმართულება.

"მიდის მსჯელობა ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ჩვენს შვილობილ სტრუქტურებად ითვლება - მათი დივიდენდები უნდა იყოს შემოსული თუ ეს შემოსავლები მიდიოდეს პირდაპირ ბიუჯეტში, ჩვენ კი უკვე ფიქსირებულად პირდაპირ ბიუჯეტიდან ვიღებდეთ თახნხას? ეს საკითხები იქნება განხილვის თემა წელს პარლამენტშიც. საშემოდგომე სესიაზე შეტანილია საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კანონპროექტში ცვლილებები, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, უფრო მაღალი მოთხოვნები დავუყენოთ ფონდს, იმაზე მაღალი, ვიდრე მას აქამდე ჰქონდა", - საუბრობს დავით საგანელიძე.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფონდმა დაახლოებით 280 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, გარედან მოზიდული თანხა კი 2 მლრდ დოლარს შეადგენს.

"განხორციელებულმა პროექტებმა ჩვენ ათი ათასობით ადამიანის დასაქმების, ათეულობით მილიარდი დოლარის ბიუჯეტში შეტანის და ახალი ტექნოლოგიების წარმოების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა. ბოლო 2 წელია, რაც, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს ახალ პროექტებში შესვლის უფლება შეჩერებული აქვს, რეფორმირების შემდეგ კი, მჯერა, ძალიან ბევრი ახალი პროექტით გავახარებთ ჩვენს მოსახლეობას", - განმარტავს საგანელიძე.

აღმასრულებელი დირექტორის მოლოდინებით, საპარტნიორო ფონდი მომავალი წლიდან საქმინობას ახალი სტრატეგიით და ახალი ფორმით გააგრძელებს. 

 

Businesspartner