ბიზნესი
12/10/2020

საპარტნიორო ფონდი ჩადებულ ინვესტიციაზე 15%-იან სარგებელს იღებს - გიორგი დანელია

„საპარტნიორო ფონდი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკისა და მისი განვითარებისთვის. ეს ერთადერთი სახელმწიფო ინსტრუმენტია, რომელიც ბიზნესს კაპიტალით დაფინანსებას სთავაზობს,“ - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელიიდირექტორის მოადგილემ.

გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტრუმენტი არის ან სუბსიდია, ან გრანტი, ან სხვადასხვა სეგმენტისთვის განკუთვნილი სხვა ტიპის პროგრამები.

„საპარტნიორო ფონდი ფულს აბანდებს კომერციულად - ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. კომერციულად დაბანდება გულისხმობს, რომ ჩადებულ ინვესტიციას ფონდი უკან იბრუნებს. თუ ამ საკითხს რიცხვებში განვიხილავთ, გამოდის, რომ „საპარტნიორო ფონდს“ დაახლოებით, 15%-იანი ამონაგები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩადებულ ინვესტიციაზე 15%-იან სარგებელს ვიღებთ ჩვენს არსებულ საინვესტიციო პორტფელში. თუმცა, ამასთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ისეთი პროექტებიც, რომლებშიც კაპიტალდაბანდება 19%-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია,“ განაცხადა გიორგი დანელიამ.  

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ფონდის ინვესტირების პრინციპებისა და ინსტრუმენტების ეფექტიანობაზე აღნიშნა.

„ჩვენი საინვესტიციო პორტფელი დღესდღეობით ჯამურად დაახლოებით, 2 მილიარდ აშშ დოლარს სცდება, საიდანაც ფონდის კონტრიბუცია მთლიან პორტფელში დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს 1 დოლარ ინვესტირებაზე 6-7 დოლარის ინვესტირებას აკეთებს კერძო სექტორი, ბანკები და ა.შ. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია, ვინაიდან ზუსტად აქ ჩანს ფონდის როლი, რომელსაც მინიმალური ინვესტირებით ინვესტიციის მულტიფიცირება შეუძლია“, აღნიშნა გიორგი დანელიამ.