ბიზნესი
24/12/2021

"სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების ვალდებულება კარგია, მაგრამ მთავარია აღსრულება"

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენის  შესაძლო ვალდებულებას აფასებს და აცხადებს, რომ იდეა კარგია, თუმცა, საკითხი დამუშავებას საჭიროებს.

მისი ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ  როგორც მოხდება აღსრულება, ვინ იღებს ვალდებულებას გამწვანების მოვლაზე.

„წარმოიდგინეთ ავაშენო სახლი, ყველანაირი პირობა შევასრულო, გამწვანებული ტერიტორია ჩავაბარო, გავყიდო სახლი, სადაც 100 მოსახლე ცხოვრობს, მე უნდა მივიდე და ხეები მე უნდა მოვრწყა ხოლმე? მათ უნდა დაიქირაონ მებაღე, მცენარეებს სჭირდება პროფესიონალი, მარტო მორწყვა ხომ არ არის საქმე? სეზონური სამუშებია, ეს ვინ უნდა აკეთოს.  ბევრია თბილისში ახალი მშენებლობა, სადაც თავის დროზე იყო გამწვანება თუმცა, პერიოდის შემდეგ იმ გაზონებზე ჯიპები დგას. თუ ამას არ მიხედავენ, არაფერი გამოვა,“ - აცხადებს როსტომაშვილი.

მისი განცხადებით, მენაშენეთა ასოციაცია კანონპროექტის დამუშავებაში ჩართულია, თუმცა, რამდენად მოხდება მათი რეკომენდაციების გათვალისწინება, მეორე საკითხია.

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ცვლილებას "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი" ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მოთხოვნილი იქნება ექსპერტის დასკვნა, რაც უნდა მოიცავდეს: მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის აღწერას, მათ ხარისხობრივ შეფასებასა და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით.