საზოგადოება
14/12/2021

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო გახდება

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ცვლილებას "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი" ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ამ დრომდე კოდექსის დონეზე არ არსებობდა გამწვანების პროექტის სამართლებრივი დეფინიცია, კერძოდ, რეგლამენტირებული იქნება, რომ გამწვანების პროექტი უნდა იყოს სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა, ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის დარგვას, საკომპენსაციო რგვას ან/და გასაშენებელ მწვანე ნარგავ(ებ)ს. 

კანონში გაჩნდება ახალი ჩანაწერები, რაც უზრუნველყოფს განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში, ასევე გამწვანების პროექტის შემუშავების ვალდებულების დადგენას. უზრუნველყოფილი იქნება აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში გამწვანების პროექტის, ასევე მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების დეტალური აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების პირობის ინტეგრირება.

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში მოთხოვნილი იქნება ექსპერტის დასკვნა, რაც უნდა მოიცავდეს: მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავ(ებ)ის აღწერას, მათ ხარისხობრივ შეფასებასა და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს მწვანე ნარგავები საექსპერტო დასკვნით მინიჭებული ნუმერაციის მიხედვით. განისაზღვრება 3-მეტრიანი მანძილები მწვანე ნარგავებსა და ასაშენებელ შენობას/ნაგებობას შორის და აღნიშნული იქნება მოსაჭრელად/გადასარგავად მოთხოვნილი მწვანე ნარგავები. აქ გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისაგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

"ნებართვის მიღების მიზნით გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. როგორც ცნობილია, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ფუნქციური დანიშნულება და დაკავებულობა, მათი მშენებლობის კლასის მიუხედავად, განსხვავდება სხვა ტიპის ობიექტების ფუნქციური დანიშნულებისგან და განკუთვნილია პირადი სარგებლობის საცხოვრებელი სივრცის შექმნისათვის", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები, კერძოდ, სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს მათ შორის განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც თავის მხრივ, ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს, ასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას მათ შორის დახასიათებას - ხნოვანებას, გარშემოწერილობას და სიმაღლეს, ასევე გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, აგრეთვე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს და ბოლოს ფოტომონტაჟის სახით ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს. მოცემულ შემთხვევაშიც გამონაკლისი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტები, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული.

"კანონპროექტით დადგენილი ნორმების ამოქმედებამ, გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს: ახალი მწვანე სივრცეების გაჩენა, სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტის შემუშავება, მწვანე ნარგავ(ებ)ის დარგვა, საკომპენსაციო რგვები, გასაშენებელი მწვანე ნარგავ(ებ)ი, მწვანე სივრცეების დაცვა, მოქალაქეების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჰაერის დაბინძურების შემცირება",- ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არია პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე, დავით კაჭარავა.