ბიზნესი
12/12/2022

სამრეწველო ემისიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2026 წლიდან ამოქმედდება

ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები დაწესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობამ უკვე მოიწონა და ის 2026 წლიდან ამოქმედდება.

ახალი ვალდებულებები მსხვილი საწარმოების გადაიარაღებისა და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ამ მიმართულებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და, მომდევნო წლებში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, ჩატარდება რამდენიმე საწარმოს შეფასება. საპილოტედ შერჩეულ საწარმოში დაინერგება საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

„სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტი, 2026 წლიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში.

აღნიშნული კანონპროექტი შემუშავებულია  ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივას.

„სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების  პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც.

კანონპროექტის თანახმად, რეგულირების ქვეშ მოექცევა ყველა სამრეწველო საქმიანობა (200-მდე მსხვილი საწარმო), რომელიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მიმართულებით ჩამოყალიბდება ახალი მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან სრულად  შესაბამისობაში იქნება.

სახელმწიფო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის შემუშავებული პოლიტიკით განსაზღვრული გეგმის აღსრულებას, რაც, თავის მხრივ, თანხვედრაშია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.

 

Businesspartner