ფოტო: goodness.com.au
ბიზნესი
13/05/2022

სამინისტრო: ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

"მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს", - ნათქვამია სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" ცოტა ხნის წინ ხორბლის იმპორტიორებმა განუცხადეს, ხორბლის ნაცვლად საქართველო დიდი რაოდენობით ხორბლის ფქვილით მარაგდება, რაც წისქვილკომბინატების გაკოტრებას იწვევს.