არახელსაყრელი გარემო წისქვილკომბინატებისთვის - ხორბლის იმპორტს ფქვილი ანაცვლებს
ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებულმა ექსპორტის გადასახადმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა და მთავრობა არჩევანის წინაშე დააყენა - გაძვირებულიყო პური, როგორც სოციალური პროდუქტი თუ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემო შექმნილიყო.
"ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ (ყოფილი "აგრიკომი") დირექტორი ქეთი კუბლაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში პრაქტიკულად ხორბალი აღარ შემოდის. შედეგად, საქართველო რუსეთიდან დიდი რაოდენობით ხორბლის ფქვილით მარაგდება, ეს კი წისქვილკომბინატების გაკოტრებას იწვევს.
როგორც კუბლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, დარგის წარმომადგენლებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა, უწყებამ ამ დრომდე არ გაითვალისწინა ბიზნესის ინტერესები. მისი განცხადებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი აღარ განიხილება და წისქვილები ფუნქციას კარგავენ.
„შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ფქვილის შემოტანაზე გადაერთოს და თავი ამით გადაირჩიოს, თუმცა, ფქვილის მომსახურებას სჭირდება მაქსიმუმ 4 ადამიანი, შესაბამისად, კადრები დაიკარგება და ამ ინდუსტრიის აღდგენა ძალიან რთული იქნება,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
მისი განცხადებით, პრობლემაა ისიც, რომ ფქვილის იმპორტით ქვეყანას მარაგები აღარ ექნება და სრულად სხვადასხვა ქვეყანაზე ვიქნებით დამოკიდებული.
„ხორბალი არის სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტი, მას შენახვის დიდი ვადა აქვს, 1-2 წელიც კი. ფქვილის შენახვა შეუძლებელია, ფუჭდება და არცერთი ქვეყანა, სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მარაგს ფქვილში არ აკეთებს. ზოგადად, ფქვილზე დამოკიდებულება ძალიან ცუდია. ჩვენი კომპანია ეწინააღმდეგება ფქვილის იმპორტის იდეას და გადაერთო სხვა პროდუქტების, მათ შორის სოიოს შროტის და მზესუმზირის შროტის იმპორტზე, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან შემოდის,“ - აცხადებს კუბლაშვილი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ამ თვეში (დღეის მდგომარეობით) ქვეყანაში 8 200 ტონა ხორბალია შემოსული, შესაბამისად, იმის თქმა, რომ ქვეყანაში ხორბალი არ შემოდის, გადაჭარბებულია.
მისი განცხადებით, ხორბალი შემოდის რუსეთიდან სხვადასხვა მარშრუტით, მათ შორის, გარდაბნიდან, ლარსიდან და ა. შ. ამავე დროს, დღეის მდგომარეობით შემოსულია 15 000 ტონა ფქვილი.
„იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობამ დააწესა ექსპორტის გადასახადი ხორბალზე, ადგილზე თავის წისქვილკომბინატებს აწოდებს ექსპორტის გადასახადის გარეშე, ბევრად იაფად (დღევანდელი ფასი 120 აშშ დოლარი). ეს მათ წისქვილებს საშუალებას, უფრო იაფი ფქვილი აწარმოონ.
სახელმწიფომ, იმის გამო, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი ფქვილი, ბიზნესს ხორბლის ნაცვლად ფქვილის შემოტანის საშუალება მისცა. ამის გამო ფაქტობრივად ყველა წისქვილკომბინატი ფქვილის იმპორტი დაიწყო. ამით ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა სამუშაო ძალა წისქვილკომბინატებშიც და ამავე დროს, მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა მაქსიმალურად იაფი პური. ასეთი იაფი ფქვილის წარმოება ჩვენს ქვეყანაში სხვანაირად შეუძლებელია,“ - აცხადებს ხანიშვილი.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენთის სასურველი პირობებით რუსეთის გარდა, თუნდაც, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა და ამით წისქვილკომბინატების შენარჩუნება, ხანიშვილი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას პური საგრძნობლად გაუძვირდებოდა.
ხანიშვილის განცხადებით, დღეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არ არსებობს. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ხორბლის შენახვა სტაბილურობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ლოგიკური და სწორია, ვიდრე - ფქვილის. თუმცა, ფქვილის შენახვა თვენახევარი, 2 თვის განმავლობაში შესაძლებელია.
შეგახსენებთ, დაახლოებით ბოლო წელიწადნახევარია საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდის გამო წისქვილკომბინატების ნაწილს პრობლემები ექმნება და იხურება. მიზეზი არაკონკურენტული გარემოა, რომელიც ძირითადი იმპორტიორის რუსეთის მიერ ხორბალზე შემოღებულმა ე.წ მცურავმა ბაჟმა შექმნა.