ბიზნესი
01/11/2023

სალვატორე კასტანო: მჯერა, წელს ქართველი მეღვინეები, IWSC-ის კონკურსზე საოცარ ღვინოებს წარადგენენ

წარმოშობით სიცილიელი სალვატორე კასტანოს ყოველთვის ჰქონდა ღრმა ინტერესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართ. ცოდნის გასაღრმავებლად მან გაიარა კურსები, მიიღო ღვინის მაგისტრის წოდება, ამჟამად კი არის Fiarwood-ის ღვინის „ბაიერი“ და სავაჭრო მრჩეველი.

სალვატორე კასტანო 2021 წელს გახდა ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე, 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე და 2018 იტალიის მესამე საუკეთესო სომელიე. ის წელსაც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის უცვლელი წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

-სალვატორე, სიცილიის ღვინის  მდიდარ მემკვიდრეობაში გაზრდა და  ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში საკუთარი თავის დამკვიდრება არ არის პატარა მიღწევა. როგორ იმოქმედა თქვენმა სიცილიურმა წარმომავლობამ თქვენს პროფესიულ მიღწევებზე?

მოგეხსენებათ, სიციალიაზე საერთაშორისო ღვინოების პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ ჩემი ცოდნა ყოველთვის მხოლოდ იტალიური წარმოების ღვინოებით შემოიფარგლებოდა, თუმცა როგორც კი ლონდონში ჩავედი, აღმოვაჩინე ახალი სამყარო, სავსე მრავალფეროვანი ღვინით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ღვინის „უძირო“ინდუსტრიაში.

-თქვენ წელსაც ხართ IWSC Wine Judging საქართველოში კონკურსის ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებდით გასულ წელს წარდგენილ ღვინოებს და რა იახლეებს ელით?

გასულ წელს აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება.

გასაოცარია, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლებიც, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით წარდგებიან.

-ალენ დიუკასის ერთ-ერთ რესტორანში, "Dorchester"-ში მუშაობა გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა თქვენთვის, განსაკუთრებით კი ღვინისა და უმაღლესი კლასის კერძების ერთმანეთთან შეხამების მხრივ. რა როლი ითამაშა ამ გამოცდილებამ თქვენს კარიერულ ზრდაში?

ახალგაზრდა სომელიესთვის, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მუშაობა, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩემი ცოდნა ფრანგულ ღვინოებში ერთი ორად გაიზარდა. რაც შეეხება ღვინის შერჩევას კერძებისთვის, ეს ნაწილი ყოველთვის სომელიეების დანიშნულების ყველაზე სახალისო ნაწილია. ყოველდღე, სახლშიც კი, ვცდილობ ექსპერიმენტები ჩავატარო, რადგან ჩემთვის ღვინის/სასმელის საკვებთან შეხამებას მკაცრი წესები არ აქვს.

-როგორც სავაჭრო მრჩეველი და ღვინის „ბაიერი“ Friarwood Fine Wines-ში, რა კრიტერიუმებს ანიჭებთ პრიორიტეტს კლიენტისთვის ღვინის შერჩევისას?

 კრიტერიუმები, რომლებსაც პრიორიტეტად ვანიჭებ, ასეთია:

  • პროდუქტის ხარისხი;
  • ღვინის ფასი;
  • რამდენად მარტივია ამ კონკრეტული ღვინის გაყიდვა?
  • იცის თუ არა მყიდველმა კონკრეტული ყურძნის ჯიში?
  • ბაზრის მოთხოვნა;
  • წელიწადის დრო.

-საქართველო ცნობილია მეღვინეობის უძველესი ტექნიკით, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დაყენებით. როგორ შეესაბამება ამ ტრადიციულ ღვინო ღვინის წარმოების თანამედროვე ტენდენციები?

დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედაც რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს!

-როგორც ღვინის მსაჯი მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა რეგიონში, შეგიმჩნევიათ თუ არა რაიმე განვითარებადი ტენდენციები ან შესაძლებლობები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მეტ ყურადღებას იმსახურებს?

ამ ბოლო დროს მოლდოვის ტკბილი ღვინოები გავსინჯე და ხარისხით გაოცებული დავრჩი, კიდევ უფრო გავოცდი მისი ფასით. ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი ღვინის შესახებ, ბევრი ქვეყანა ახლა იწყებს ხარისხიანი ღვინის წარმოებას.

-შარშანდელ შთამბეჭდავ კონკურსზე საქართველომ მიიღო მრავალი მედალი, მათ შორის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. როგორ ფიქრობთ, ზრდის თუ არა შარშანდელი შედეგები წლევანდელი კონკურსის სტანდარტებს. იქნება თუ არა ჟიური უფრო მკაცრი?

დარწმუნებული ვარ, წელს ხარისხი და დონე უფრო მაღალი იქნება, რაც, როგორც იტყვიან, „გაგვიადვილებს ცხოვრებას“. ასევე მჯერა, რომ წელს ქართველი მეღვინეები საოცარ ღვინოებს წარადგენენ, მოუთმენლად ველი გავიცნო ქართული მემკვიდრეობის კიდევ რამდენიმე ძეგლი.