ბიზნესი
16/11/2022

საქსტატმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას სკანერული მონაცემების დანერგვის მოდელი გააცნო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი საცალო გაყიდვების კომპანიების წარმომადგენლებს სკანერული მონაცემების დანერგვის მოდელი გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა სკანერული მონაცემების დანერგვის მოდელსა და მეთოდოლოგიაზე, რომელსაც შემდგომში სამომხმარებლო ფასების ინდექსაცია დაეფუძნება, რაც თავის მხრივ დაეხმარება საქსტატს ინფლაციის გაანგარიშებაში.

აღსანიშნავია, რომ სკანერული მონაცემები წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან დროის კონკრეტულ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის შესახებ მონაცემებს, ე.წ. შტრიხ-კოდების მიხედვით. ფასების შეგროვების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ამ სახის მონაცემები გაცილებით უფრო ზუსტი, დროული და ფართო მოცვის მქონეა, მისი გამოყენება კი მნიშვნელოვნად აამაღლებს ინფლაციის მაჩვენებლის სიზუსტეს.

აღსანიშნავია, რომ საქსტატი სკანერული მონაცემების ინფლაციის გაანგარიშებაში დანერგვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დახმარებით მოახდენს.

„სკანერული მონაცემები სულ უფრო აქტიურად და წარმატებულად გამოიყენება ინფლაციის გაანგარიშების პროცესში ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ. ზემოხსენებული მოდელის დანერგვა დაეხმარება, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ასევე ბიზნეს სექტორს ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღებაში, რასაც უმეტესად ეფუძნება ბიზნეს ოპერატორების გადაწყვეტილებები. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.