საკონტეინერო გადაზიდვები რეკორდულად გაძვირდა
საკონტეინერო გადაზიდვების ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა. კერძო სექტორის მოლოდინი, სექტემბრიდან საკონტეინერო გადაზიდვების გაიაფებასთან დაკავშირებით, არ გამართლა, ფასები კლების ნაცვლად კიდევ ერთხელ გაიზარდა.
საქართველოში Maersk-ის კომერციული წარმომადგენელის განმარტებით, საკონტეინერო გადაზიდვების ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ჩინეთის რეკორდულად გაზრდილი ექსპორტია.
„ამის მიზეზად ძირითადად შეგვიძლია დავასახელოთ ჩინეთის საექსპორტო ბუმი, რომელიც დაიწყო წლის პირველ კვარტალში და რომელმაც განაპირობა ის რომ მოთხოვნა გაზარდა გემებზე. მივიღეთ გარკვეული შეფერხება ოპერაციული თვალსაზრისით, რაც აისახა საფასო პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 300-400%-მდე ფასნამატი საკონტეინერო გადაზიდვებში, ყველა საზღვაო ხაზზე,“ - აღნიშნა ირაკლი დანელიამ.
მისივე განმარტებით, საკონტეინერო გადაზიდვების გაიაფების მოლოდინი სექტორს წლის ბოლომდე არ აქვს და პოზიტიური ძვრები შესაძლოა, 2022 წლის იანვრიდან დაიწყოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული პანდემიაზე.
„ვინაიდან პროცესი საკმაოდ კომპლექსურია,მომავალი ერთი წლის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა რომ დღევანდელი ფასები დაუბრუნდეს პანდემიამდელ ფასებს. მოკლევადიან პერიოდში, მომავალი წლის იანვრიდან, შესაძლებელია 20-30 პროცენტით შემცირდეს გადაზიდვის ღირებულება.“-განმარტა ირაკლი დანელიამ.
Cosco Shipping Lines-ის გაყიდვების მენეჯერი კი აცხადებს, რომ საკონტეინერო გადაზიდვის ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა.
„მატება კრიტიკულ ზღვარზეა, ეს ისტორიული ნიშნულია. 40-იანი კონტეინერის ტარიფი დღესდღეობით დაახლოებით 15 000 დოლარამდეა გაზრდილი. ფასის შემცირებას არ ველით მომდევნო სამ თვეში. გემებზე ადგილების დეფიციტია. ბოლო პერიოდში მიზერულად, 200 დოლარამდე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვის ფასი. ეს მატება შესაძლოა, მინიმალურია, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ გვექნება მოლოდინი იმის, რომ ფასები კლებას დაიწყებს. გემებზე შექმნილი ადგილების დეფიციტის გამო, არიან გარკვეული ქვეყნები, რომლებიც მზად არიან დამატებითი გადასახადის დაფიქსირებით გემზე გარანტირებული ადგილები მოინიშნონ,“ - განმარტა გივი ჩაჩანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონტეინერო გადაზიდვები 2021 წლის დასაწყისიდან ძირდება. თუ 2020 წლის ბოლოსთვის ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება 3 000 დოლარი იყო, დღეს ფასი 15 000 დოლარამდეა გაზრდილი.