ბიზნესი
09/09/2020

საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოების ჩატარებას კომპანიები მხოლოდ ღამის საათებში შეძლებენ

საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს საავარიო შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოებას მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებენ, - გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მიიღო.  

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, გადაადგილების დროს შეფერხებისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია  წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვა. 

ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

„ვამუშავებთ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ და უახლოეს მომავალში სრული სურათი გვექნება. პარალელურად, შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში მოვაქციოთ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა: „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვა, ავარიების დროს სამუშაოების დაწყება შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რასაც ირაკლი ბენდელიანს ვავალებ. ვიცი, რომ უკვე იყო კომუნიკაცია ყველა კომპანიასთან. თუ რაიმე სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში ისედაც დიდი ნაკადებია, თან მალე სასწავლო პროცესი იწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს, რათა გადაადგილების დროს ნაკლები დისკომფორტი შეიქმნას.

„წინასწარ თუ ეცოდინებათ მოქალაქეებს სამუშაოებით გამოწვეული შეფერხების არსებობა, დისკომფორტს ავაცილებთ თავიდან. შესაბამისად, კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. შესაძლებელია, იყოს ავარია, გადაუდებელი პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დაგეგმვა და სწორი მენეჯმენტი. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ცენტრში, დღის პიკის საათებში, კონკრეტულ მონაკვეთებში გაჩერებული ჰყავთ მანქანა და მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ყველაფრის დასარეგულირებლად, ჩვენ გარეშე ასეთი სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს. შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია ჩართეთ ამ პროცესში, რომ ეს ყველაფერი წესის შესაბამისად მოხდეს, იმისთვის, რომ გზებზე სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიები ცენტრალურ ქუჩებზე სამუშაოებს დღისით მხოლოდ გადაუდებელი და საავარიო საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებენ, რასაც დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე განახორციელებენ.