სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მართვის სპეციალურ ჯგუფს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს
მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხს განიხილავენ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მართვის თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.
„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მიზნად ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია.
ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს სამეთვალყურეო საბჭო.
გარდა ამისა, სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება კონკრეტული გეგმა, თანმიმდევრული ნაბიჯების, რომელმაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან უნდა დაახლოვოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.