სახელმწიფო ელექტროსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩევა
მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმა დაიწყო. რეფორმის პირველ ტალღაში მოხვდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან.
მალე დაიწყება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა, რომელსაც სპეციალურად შექმნილი საკონკურსი კომისია გამოავლენს.
მთავრობაში აცხადებენ, რომ საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.
მინისტრის თქმით, მომდევნო ეტაპია კომპანიის კორპორატიზაცია და საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის, მენეჯმენტში.
მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები, საუკეთესო კორპორატიული სტანდარტები და პრაქტიკა იყოს დანერგილი და დამოუკიდებლად იზიდავდნენ ფინანსებს როგორც ჩვენს ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც.