საქართველოში ვირტუალური ტურის პირველი სტუდია Walkinto შეიქმნა
საქართველოში ვირტუალური ტურის პირველი სტუდია Walkinto შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ, ინოვაციურ, ფუნქციურ და ინტერაქციულ ვირტუალ ტურებს სთავაზობს.
ვირტუალურ ტურებზე მოთხოვნა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გაიზარდა.
„Covid-19-ის პირობებში მოთხოვნა გაათმაგდა, პროდუქტი ზედმიწევნით პასუხობს ბიზნესის დისტანციურად მუშაობის სტილს და მომხმარებელს საშუალება ეძლევა სახლიდან გაუსვლელად, რეალობასთან გათანაბრებული აღქმადობით დაეთვალიერონ სკოლები, უნივერსიტეტები, ავტო-სალონები და სხვა დაწესებულებები. სტუდიაში ინტერაქციული მხარე იმდენად განვითარებულია, რომ ვირტუალურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობილურით ეწვიოს რომელიმე სკოლას, მოიაროს კლასები, დაათვალიეროს ინფრასტრუქტურა და მიიღოს გადაწყვეტილება შვილის მიყვანის შესახებ. მეტიც, ავტო ინდუსტრიით დაინტერებულებს შეუძლიათ ვირტუალური ტურის გამოყენებით ეწვიონ ავტო სალონს, სახლიდან ჩაჯდნენ ნებისმიერ ავტომობილში, შემოუარონ 360°-ით, გახსნან საბარგული, კარები, დაქოქონ და მოისმინონ მისი ხმა, შეცვალონ რეჟიმები და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ავტომობილების მახასიათებლების შესახებ,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" Walkinto-ს პარტნიორი.
Walkinto პანდემიის პირობებში ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა ფოტოგრაფმა შექმნა. სტუდიაში ხარისხის რამდენიმე საფეხურიანი კონტროლის მოდელი მუშაობს.
„Walkinto დაარსა გამოცდილმა ფოტოგრაფმა, რომელიც მრავალი წელი მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორიც არის. მან გადაწყვიტა მომავლის პროდუქტი სწორედ მის ქვეყანაში დაენერგა. საქართველოში დაბრუნებისას დაიწყო სტუდიის ჩამოყალიბება და პირველი ნაბიჯებიც წარმატებით გადადგა. მე სტუდიას 2020 წელს შევუერთდი, როგორც ახალი პარტნიორი, განვახორციელეთ რებრენდინგი, აპარატურისა და პროგრმული უზრუნველყოფაში ინვესტიცია ჩავდეთ. განვაახლეთ ოპერირების სტრატეგიები და მიდგომები. უწყვეტად მიმდინარეობის პროდუქტის დახვეწა, ინტერაქციისა და ფუნქციონალის მიმართულებით. ვირტუალური ტური დამკვეთთან მისვლამდე გადის ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფეხურს და ტესტს. სტუდია ცდილობს ყოველთვის შეხედოს პროდუქტს დამკვეთის მარკეტინგის თვალით და მათთან ერთად შეიმუშაონ ისეთი ფორმატი, რომელიც ზუსტად უპასუხებს ამა თუ იმ კომპანიის მოთხოვნას და ვირტუალური ტურის მეშვეობით მიიღებენ იმ მაქსიმალურ შედეგს, რაც 360°-იან ტურს გააჩნია. კომპანია გეგმავს შემდგომ გაფართოებას და საზღვრებს მიღმა, მეზობელ ქვეყნებში გასვლას, რადგან ჯერ-ჯერობით აღნიშნული პროდუქტი ნაკლებადაა განვითარებული ამ მიმართულებებით,“ - განმარტავს გიორგი დოლიძე.
ვირტუალური ტური არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს ტურის ფორმატი, ფუნქციები და ინტერაციული მხარე მუდმივ რეჟიმში.