ბიზნესი
06/10/2022

საქართველოში OZDILEK-ის მაღაზიები გაიხსნება - BEKO-ს დამფუძნებელი კომპანია საოჯახო ტექსტილის ბაზარზე შედის

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Beko-ს დამფუძნებელი კომპანია „ტექნო ჰაუსი“ საოჯახო ტექსტილის ბაზარზე შედის.

როგორც კომპანიის დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოში თურქული საოჯახო ტექსტილის, Ozdilek-ის ბრენდის მაღაზიები გაიხსნება.

მისი განცხადებით, Ozdilek-ის პროდუქცია ბათუმში, Beko-ს  მაღაზიაში უკვე იყიდება, სამომავლოდ დაგეგმილია Ozdilek-ის ბრენდის 2 მაღაზიის თბილისში გახსნა. რუსთავში კი მისი შეძენა BEKO-ს მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

„ამ ბიზნესის გაფართოებას ბათუმიდან ვიწყებ. თუ მომხმარებელმა ეს სიახლე კარგად მიიღო და გაყიდვებიც მისაღები აღმოჩნდა, ქსელს აუცილებლად გავაფართოვებთ. ვინაიდან, ბაზარზე ახალი შემოსულები ვართ, მომხმარებელს შეეძლება Ozdilek-ის ბრენდის საოჯახო ტექსტილი თურქულ ფასებთან შედარებით, 20%-ით იაფად შეიძინოს,“ - აცხადებს მელექი.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა „ტექნო ჰაუსმა“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარარელურად, საოჯახო ტექსტილის ბიზნესში შესვლა, მელექი განმარტავს, რომ ეს ნიშა საქართველოში თავისუფალი და პროდუქტი, საკმაოდ მოთხოვნადია.

მისივე ინფორმაციით, პროექტში საწყის ეტაპზე $600 000-ის ინვესტიცია ხორციელდება.

შეგახსენებთ, Beko საქართველოში 98  გაყიდვის წერტილს  ფლობს, აქედან 72 მაღაზიაა. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“,  ასევე, 20–ზე მეტ  ინტერნეტ მაღაზიასთან. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები