ბიზნესი
30/01/2023

საქართველოში ქალები პროგრამირების კურსს უფასოდ გაივლიან

ქვეყანაში ქალების გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტი - “ქალები ტექნოლოგიებში” დაიწყო. შედეგად, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” დაფინანსებით, 25 გოგო პროგრამირების 6-კვირიან კურსს უკვე უფასოდ გადის. კურსი სახელწოდებით “re:სტარტი” შესავალია კომპიუტერულ მეცნიერებაში. პროგრამა მონაწილეებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სფეროს შესახებ, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რომელი სასწავლო მიმართულება აირჩიონ სამომავლოდ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ ნინა კობახიძემ განუცხადა, მისი ორგანიზაციისთვის გოგოებისა და ქალების განათლების ხელშწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კობახიძის თქმით, სწორედ ცოდნაა კარგი საფუძველი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის; პროექტ “ქალები ტექნოლოგიებში” კი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე.

„პროგრამირება და ზოგადად ტექნოლოგიები, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში. შესაბამისად, პროექტი “ქალები ტექნოლოგიებში” კარგი შანსია გოგოებისთვის, უპასუხონ ბაზრის მოთხოვნებს, შეიცვალონ პროფესია, ან დასაწყისშივე მიიღონ გათვიცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე”,- განაცხადა ნინა კობახიძემ.

ცნობისთვის, პროექტ „ქალები ტექნოლოგიებში“ მონაწილეობისთვის, ბიზნესფედერაციამ  “ქალები მომავლისთვის” საჯარო კონკურსი გამოცხადა, სადაც 3 500-მდე განაცხადი შევიდა და აქედან, სწორედ 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. განაცხადებისა და სამოტივაციო წერილების მიღების შედეგად არჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს გამოცდა და გასაუბრება. გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი 23 იანვრიდან დაიწყო და როგორც ბიზნესფედერაციაში ამბობენ, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.