ბიზნესი
19/02/2021

საქართველოში ელექტრომობილების ბატარეების შემნახველი სადგურის აშენება იგეგმება

ელექტრომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა ახალ გადაწყვეტილებებს ითხოვს.

მომავლის პროგნოზების გათვალისწინებით, „საქართველოს ელექტროსისტემა“ მძლავრი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის ან სააკუმულატორო ბატარეების შემნახველი სადგურის აშენებას არ გამორიცხავს.

ამ ტიპის სადგურების აშენებას დღის წესრიგში შიგაწვის ძრავიანი მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლება აყენებს.

„მსოფლიოს მასშტაბით ანაცვლებენ შიგაწვის ძრავიან მანქანებს, რაც ერთი მხრივ იწვევს პიკური მოხმარების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ელექტროენერგიის ხარისხის შესაძლო დამახინჯებას (ჰარმონიკებს). საქართველოში დღეისათვის დაახლოებით 1 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. თითო ელექტრომობილისთვის სწრაფი დამტენის სიმძლავრე 50 კვტ-ს, ხოლო ჩვეულებრივი დამტენების სიმძლავრეა 3, 6 და 20 კვტ. პიკური მოხმარების საათებში შეიძლება საჭირო იყოს იმპორტის ხანმოკლე მაგრამ სწრაფი ზრდა. აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, ენერგოსისტემაში შესაძლოა აშენებული იქნას მძლავრი ჰიდრომააკუმულირებელი სადგური ან სააკუმულატორო ბატარეების შემნახველი სადგური“, - ნათქვამია გადამცემი ქსელის განვითარების გეგმაში.

აღსანიშნავია, რომ ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის პროექტის განხორციელება ენგურჰესთანაც იგეგმება. დაანონსდა, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევები და ტექნიკურ-ფინანსური ანალიზი მიმდინარეობს.

 

 

Businesspartner