ბიზნესი
22/03/2021

საქართველოს რკინიგზის განვითარების ახალი მოდელი - კომპანია 3 ბიზნეს ერთეულად დაიყოფა

მალე „საქართვლოს რკინიგზა“ 3 დამოუკიდებელ ბიზნეს ერთეულად გაიყოფა, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

კომპანიის CEO -მ განმარტა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ რამდენიმე იურიდიულ პირად გაყოფას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ეს პროცესი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ეს რეგულაციები და ვალდებულებებია:

მგზავრთა უფლებები და ვალდებულებები,

მგზავრთა საზოგადოებრივი მომსახურება,

მემანქანეთა სერტიფიცირება,

ერთიანი ევროპული სარკინიგზო ქსელის სივრცის შექმნა.

„დღეს „საქართველოს რკინიგზაში“ 3 ბიზნეს-სუბიექტი გვაქვს. ჩვენი ვალდებულებაა მგზავრთა გადაყვანა იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი, დამოუკიდებელი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ასევე სატვირთო გადაზიდვები. დღეს ხდება კროს-სუბსიდირება. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება მგზავრთა გადაყვანა და ინფრასტრუქტურა. ეს მალე ასე აღარ იქნება, იქნება დამოუკიდებელი ბიზნესები და სახელმწიფოს მოუწევს წლების შემდეგ, მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირება და კომპენსაცია“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.

მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მენეჯერ კომპანიას ექნება დაშვების საფასური.

„ყველა ვინც გაივლის საქართველოს რკინიგზაზე, იქნება ეს კერძო ოპერატორი თუ შიდა ოპერატორი გადაიხდის ტონა/ კმ-ზე ან მგზავრ/კმ -ზე შესაბამის საფასურს“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

მისი თქმით, პროცესი უკვე არაერთი წელია დაწყებულია. ფინანსურად უკვე გამიჯნულია ეს კომპანიები, ასევე კადრების მხრივაც და სამი ბიზნეს-სუბიექტი დღეს მუშაობს „თან დამოუკიდებლად და თან ერთად“. პროცესს ეხმარება ევროკავშირიც, რომელმაც 1.3 მლნ ევროს გრანტი გამოყო, რაც პროცესის ჰარმონიზაციას უნდა მოხმარდეს.