ბიზნესი
06/10/2021

საქართველოს ფოსტას 2020 წელს შემოსავლები ₾12.1 მლნ-ით შეუმცირდა

საქართველოს ფოსტას 2020 წელს შემოსავლები 12.1 მლნ ლარით შეუმცირდა. 

პანდემიის უარყოფითი გავლენას შემცირებულ გზავნილებსა და ამანათებში აისახა. კომპანიას შეუმცირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გადაზიდვები, რომლის დიდი ნაწილი ჩინეთიდან იგზავნებოდა. ასევე, შემცირდა მოთხოვნა ქვეყნის შიგნით სატვირთო გადაზიდვებზე.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს საფოსტო მომსახურებაში შემოსავლები შემცირდა 11.3%-ით, გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების შემოსავლები 11.9%-ით შემცირდა, ხოლო საცალო ვაჭრობაში შემცირება 8.6% იყო.

„თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 30% უცხოურ ვალუტაშია და ლარი როგორც აშშ დოლარის, ისე ევროს მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა, მაშინ შემოსავლების გარკვეული დანაკლისი სავალუტო კურსის ცვლილებამ დააკომპენსირა და ჯამურად, 2020 წელს კომპანიის დანაკლისი მთლიან შემოსავლებში უტოლდება დაახლოებით 9 მლნ ლარს“, - აღნიშნავს სამინისტრო ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოსტაში მთავრობა მმართველობითი სტრუქტურის შეცვლას გეგმავს. როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორის გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებდა, "საქართველოს ფოსტის" ნაწილობრივი პრივატიზება უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ფოსტას" 2019 წელს 90 მლნ ლარის შემოსავალი და 87 მლნ-ის ხარჯი ჰქონდა. კომპანიამ გასული წელი 3 მლნ-ის მოგებით დახურა, რაც ბოლო წლებში მაქსიმალური მაჩვენებელია.   

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების დაწყება 2020 წლის დასაწყისში დაანონსა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფიც.

 

Businesspartner