ბიზნესი
04/10/2022

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს შეხვდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 

შეხვედრას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, საუბარი შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და არსებულ გამოწვევებს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია ასოციაციის პრეზიდენტის მიერ BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც მკაფიოდ ასახავს ბიზნეს სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, ასევე შემაფერხებელ ფაქტორებს.  შეხვედრა წარიმართება დიალოგის რეჟიმში და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები.