ბიზნესი
26/01/2021

საქართველოს აკვაკულტურის კვლევაში ევროკავშირი დაეხმარება

საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განახორციელებენ.

კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება.

მხარეების განმარტებით, საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 

2021 წლის გაზაფხულზე, დაგეგმილია  VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი, საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა. VCA4D-ის ფარგლებში, საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი. VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი (Agrinatura) ახორციელებს.

 

Businesspartner