ბიზნესი
13/03/2023

საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 89% თურქეთში გავიდა

გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი კვტ-სთზე 8.7 ცენტი იყო.

„გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი, ჯამში 89% თურქეთში გავიდა. ექსპორტი განხორციელდა სომხეთშიც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქულ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი თითქმის გასამმაგდა.

2022 წელს ელექტროენერგიის ფასმა თურქულ ბაზარზე კვტ.სთ-ზე საშუალოდ 15.1 აშშ ცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ ცენტს შეადგენდა. ყველაზე მაღალი საბაზრო ფასი დაფიქსირდა 2022 სექტემბერში - კვტ.სთ-ზე 21.3 აშშ ცენტი.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ფასის ასეთი ზრდის მიზეზი არის მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე.

„საქართველო თურქეთის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი, ახალციხე-ბორჩხა, სრული დატვირთვით მუშაობდა 2022 წლის მაისიდან მოყოლებული. შედეგად, თურქეთმა საქართველოს საზღვრიდან მიიღო 4.2 ტვტ.სთ ელექტროენერგია, საიდანაც 0.9ტვტ.სთ იყო ელექტროენერგიის ექსპორტი ქართული გენერაციის ობიექტებიდან, ხოლო 3.2 ტვტ.სთ იყო მეზობელი ქვეყნებიდან, ძირითადად აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით. თურქეთში ექსპორტი წლიურად 290.4%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზიტი 180%-ით.“-აღნიშნულია მიმოხილვაში

Businesspartner