საქართველო UEFA -ს და ფეხბურთის ფედერაციის გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებას გეგმავს
2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ - UEFA) ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს. ჩემპიონატის თამაშები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის: გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, ისრაელის, პორტუგალიის, ჰოლანდიისა და ბელგიის, ასევე, მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში გამოვლენილი ფინალისტი ქვეყნის ნაკრებები.
პარლამენტის უმრავლესობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, UEFA-ს და ფეხბურთის ფედერაციის, ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებული ოპერაციების გადასახადებისგან გათავისუფლება იგეგმება.
საუბარია UEFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაღებულ ხარჯებზე, მიღებულ შემოსავლებსა და სხვა ოპერაციებზე, რომლებიც საერთო ჯამში, ჩემპიონატის მასპინძლობას უკავშირდება.
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი. აღნიშნული, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე გავრცელდება შემდეგი საგადასახადო შეღავათები, კერძოდ:
1.UEFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. მათ მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; მათ მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები, ასევე, საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან.
2.დანიშნული პირის მიერ უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან.
3.UEFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას.
4.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება, ერთი მხრივ, პირის მიერ UEFA-სთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მეორე მხრივ, უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
განმარტებით ბარათში ასევე საუბარია იმ შეღავათებზე, რომელიც აღნიშნულ პერიოდზე გავრცელდება.
"საგულისხმოა, რომ უეფა მზადაა დააფინანსოს ამ ღონისძიებაზე გაწეული ხარჯები, საკანონმდებლო ცვლილების გარშე კი მას მოუწევს დღგ-ს გადასახადის გადასახადის გადასახდელად ხარჯების 18% ზრდა, რაც ამ ეტაპისთვის ხელშეკრულების მიხედვით მითითებულ თანხაზე 440 580 ევროს ექვივალენტი ლარში იქნება. რაც შეეხება ქვეყანაში შემოტანილი ტექნიკური საშუალებების სახეობებსა და მათ რაოდენობას, სავარაუდოდ საბაჟო ხარჯები არანაკლებ 1000 000 ლარი იქნება, რომლის გადახდაც მოუწევს შემომტანს. უეფა-ს სხვა მსაგავსი შეხვედრების ისტორიებიდან გამომდინარე, მსგავსი საგადასახადო შეღავათები იქნა დაწესებული. გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 500 000 ლარი, მათ შორის დღგ იქნება 76 272 ლარი. სხვა შეღავათები, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის სახით, წინასწარი გათვლებით არ იქნება 200 000 ლარზე მეტი,"-აღნიშნული განმარტებით ბარათში.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.