ბიზნესი
12/05/2021

საქართველო შესაძლოა თვითმფრინავების ნაწილების და შეკეთების სერვისის მიმწოდებელი გახდეს

საქართველო შესაძლოა თვითმფრინავების ნაწილების და შეკეთების სერვისის მიმწოდებელი გახდეს.

რამდენად აქვს ქვეყანას ამ პროდუქციის წარმოების და სერვისის მიწოდების შესაძლებლობა ეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID -ის ჩართულობით დაწყებული კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

წარმოების პოტენციალის კვლევა უკვე დაწყებულია და შედეგები მალე გახდება ცნობილი.

„დავიწყეთ ძალიან საინტერესო კვლევა USAID -ის ჩართულობით, რომელიც უკავშირდება თვითმფრინავების ნაწილებს და თვითმფრინავების შეკეთებას. ამ კვლევის დასრულებას ველით წლის ბოლომდე და იმედი გვაქვს, რომ ამ ნიშურ მიმართულებაშიც შევძლებთ ინვესტორების მოზიდვას“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ასევე არის დაინტერესება საქართველოში ავტომობილის ნაწილების მწარმოებელი საწარმოს გახსნასთან დაკავშირებითაც.

თორნიკე ზირაქიშვილმა აღნიშნა, რომ ინტერესი არ შემცირებულა ქვეყნის მიმართ, უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღება გართულდა ინვესტორის მხრიდან, რომ მათ გადაწყვიტონ ახალ ბაზარზე შესვლა.

“პირდაპირი უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ყოველთვის არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველთვის უკავშირდება არა მხოლოდ ინვესტორთან საუბარს, არამედ მისთვის საინტერესო ყველა წერტილში საქართველოს სწორად წარმოჩინებას. რას ვგულისხმობ, მარტო ინვესტორთან პირდაპირი კომუნიკაცია საკმარისი არ არის. ის ჩამოდის ქვეყანაში, ნახულობს ქვეყანას, აკეთებს კვლევას, უყურებს სხვა ბიზნესებს, როგორ ვითარდებიან და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.

 

 

Businesspartner